თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის ნუკრი აბალაკი დააკავეს

თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის ნუკრი აბალაკი დააკავეს

სამართალდამცავებმა დააკავეს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს ყოფილი  უფროსი, ამჟამად გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ნუკრი აბალაკი. აბალაკს სამსახურებრივი უფლებამოსილების  (332 1) ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აბალაკმა,  როგორც შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს უფროსმა უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა. კერძოდ, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს უფროსმა  ნუკრი აბალაკმა, 2007 წლის 24 მაისს  („სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ") კანონის დარღვევით საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის მიუხედავად,  ხაშურის რაიონის სოფელ  ბებნისში მდებარე 18.5 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით  გადასცა თ.ძ_ს., რითაც მას  მიანიჭა უპირატესობა, რამაც გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის დარღვევა.

მანვე, 2008 წლის 30 სექტემბერს კვლავ  ბოროტად გამოიყენა  სამსახურეობრივი უფლებამოსილება და  სოფელ ხელთუბანში მდებარე 7.3 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პირად საკუთრებაში გადასცა - "სელექციური მიღწევებისა და ჯიშთა გამოცდის სადგურის" ყოფილ დირექტორს ლ. გ.-ს. აღნიშნული სადგურს თავის დროზე  მიწა იჯარით ჰქონდა აღებული სახელმწიფოსაგან, მაგრამ მიწის პირდაპირი წესით მიყიდვისას,  სადგური აღარ არსებობდა, ლიკვიდირებული იყო.

ლიკვიდირებული მოიჯარე სახელმწიფო დაწესებულების - "სელექციური მიღწევებისა და ჯიშთა გამოცდის სადგურის" ყოფილ დირექტორ ლ. გ.-ზე, პირად საკუთრებაში მიწის პირდაპირი მიყიდვის წესით გადაცემით, აბალაკმა ლ. გ.-ს   მიანიჭა უპირატესობა, რითაც არსებითად დაირღვა  სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: