ევროპელმა კოლეგებმა მაია ფანჯიკიძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს
2012 წლის 4-5 დეკემბერს, ნატოს მინისტერიალში მონაწილეობის მიზნით ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ევროპელ კოლეგებს შეხვდა.
ამ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, მაია ფანჯიკიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და განვითარების სფეროში თანამშრომლობის მინისტრთან დიდიე რეინდერსთან, ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედგარს რინკევიჩსთან, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ტიტუს კორლაცეანთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან იანოს მარტონისთან, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ნიკოლაი მლადენოვთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლორენ ფაბიუსთან, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანთან უილიამ ჰეიგთან, ჩეხეთის რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან კარელ შვარცენბერგთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან აჰმედ დავუთოღლუსთან, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ფრანს ტიმერმანსთან, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პირველ ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა და მიგრაციის მინისტრთან ჟან ასელბორნთან, ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ესპენ ბარტ ეიდესთან.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს, მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას, საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების პრაქტიკის გაგრძელების აუცილებლობას, თავდაცვის, ეკონომიკის, კულტურის სფეროებში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ევროპელმა კოლეგებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრები დაინტერესდნენ საქართველოში მიმდინარე პროცესებით და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ქართველი საგარეო საქმეთა მინისტრისაგან.
ორმხრივი შეხვედრების ფორმატში, მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, რეგიონალური და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხები. ამასთან, ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის თემებზე, აღინიშნა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებთან დაახლოების კუთხით მიღწეული შედეგები.