ლადო ბედუკაძე გამოძიებასთან ითანამშრომლებს
სასჯელაღსრულების სისტემის ყოფილი თანამშრომელი, ინტერპოლით ძებნილი ვლადიმერ ბედუკაძე საქართველოში დაბრუნებისთვის და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.
ამის შესახებ მან დღეს "ივერონის" პრესკლუბში სტუმრობისას სკაიპკონფერენციაზე განაცხადა. "მთავარმა პროკურორმა გააკეთა მინიშნება, თუ რა ვითარებაში და როგორ იგეგმებოდა პატიმართა წამების საქმე, რომელთან დაკავშირებითაც შეკითხვებს პასუხი უახლოეს დღეებში გაეცემა", _ აღნიშნა ბედუკაძემ.
"მზად ვარ, რომ პასუხი ვაგო ჩემს ბრალეულობაზე პატიმართა წამებაში, თუ დადასტურდა, რა თქმა უნდა. ზოდევალავას პირველი განცხადება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნას და მათ მიერ აბსურდულ ბრალდებებს უკავშირდებოდა. ჩემს ბრალეულობასთან დაკავშირებით სწორედ ამ კითხვებს გაეცემა პასუხი", _ აცხადებს ბედუკაძემ.
მისი თქმით, პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებით, სწორედ იმ ძალისგან, ვისაც ასეთი ბინძური თამაშის წამოწყება აწყობა, ათასი ვერსია იყო დასახელებული.
ბედუკაძე ამბობს, რომ მისგან მხოლოდ ერთი ვერსია დასახელდა, რომელიც მეგობრებთან ერთად აღნიშნული ფაქტის მხილებას ეხებოდა.
"უახლოეს დღეებში პროკურატურის მიერ დაიდება დასკვნა და მისი მითითების შემთხვევაში, მზად ვარ, თბილისში ჩამოვიდე და გამოძიებასთან ვითანამშრომლო", _ განაცხადა ბედუკაძემ და დასძინა, რომ ის პროკურატურის წარმომადგენლებს უკვე ესაუბრა.
ბედუკაძის თქმით, მას არანაირი ულტიმატუმი არ წამოუყენებია და არც კონკრეტული მოთხოვნები აქვს.
რაც შეეხება ბედუკაძის ოჯახს, მისი თქმით, ოჯახის წევრები თბილისში იმყოფებიან და მათ უსაფრთხოებას არავინ იცავს.