შიდა ქართლის მოსახლეობა „ნაპოვნ“ და „მოპარულ“ იარაღს აბარებს?!
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქარელის რაიონის სოფელ დვანის მცხოვრებლებმა 12 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოში ნებაყოფლობით ჩააბარეს. მათი განმარტებით, აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი 2008 წლის ომის შემდეგ სოფელში იპოვეს.
,,ვინაიდან მოქალაქეებმა იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარეს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდნენ”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.
როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის გახდა ცნობილი, დვანიდან იარაღის მასიურად ჩაბარება, 28 ნოემბერს, პოლიციის მიერ ადგილობრივი მკვიდრის დაკავებამ გამოიწვია. არჩილ ა-ს ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-შეძენაში დასდეს ბრალი. პოლიციამ მისი საცხოვრებელი ბინიდან 1960 წელს გამოშვებული „აკმ”-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ”პიუ-2615″, 22 ცალი მცირეკალიბრიანი შაშხანის ვაზნა, 7 ცალი ავტომატის მჭიდი და 210 ცალი ავტომატის ვაზნა ამოიღო. მისმიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას ან შენახვას გულისხმობს.
როგორც თავად დაკავებული აცხადებს, იარაღი სახლში 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, რეზერვიდან წაიღო.