ვინ არიან ბიზნესთან დაკავშირებული დეპუტატები?

ვინ არიან ბიზნესთან დაკავშირებული დეპუტატები?

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ბიზნესთან დაკავშირებული დეპუტატების სიას აქვეყნებს.

როგორც ორგანიზაციის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, მერვე მოწვევის პარლამენტში როგორც უმრავლესობიდან, ასევე უმცირესობიდან არიან დეპუტატები, რომლებიც  წარმატებულ ბიზნესს ფლობენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გოჩა ენუქიძე „იბერკომპანის” ფლობს, რომელიც „ლუკოილის“ ბენზინგასამართი სადგურების ქსელს აკონტროლებს, ხოლო „ქართული ოცნების” დეპუტატი გოგლა ჟვანია ირიცხება, როგორც შპს „ბოსნერის” დირექტორი.

„საერთო ჯამში, სულ ცოტა, 36 დეპუტატი აღმოვაჩინეთ, რომელთაც ერთ კომპანიასთან მაინც აქვთ კავშირი. მათგან 10 დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდანაა“, ხოლო 26 „ქართული ოცნებიდან“. ეს რაოდენობა  არასამთავრობო ორგანიზაციებთან კავშირებსაც მოიცავს. აღნიშნული მონაცემები 2012 წლის აგვისტოშია მოპოვებული და განახლებას საჭიროებს“, - აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.

მათი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ვალდებულება კორუფციისა და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევების გამოსავლენად ეფექტური საშუალებაა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ აცხადებენ, რომ საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტის წევრებს საჯარო სამსახურის ბიუროში ქონებრივი დეკლარაციების წარდგენა მოუწევთ.

„სავარაუდოდ, აღნიშნული დეკლარაციები დიდი ინტერესის საგანი გახდება და დეტალურად იქნება შესწავლილი, ვინაიდან წარსულში იყო საუბარი შემთხვევებზე, როდესაც დეპუტატებთან დაკავშირებული კომპანიები  სახელმწიფო შესყიდვებისას უპირატესი მდგომარეობითა და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობდნენ“, _ აცხადებენ ორგანიზაციის წევრები.

მათივე თქმით, შესაძლებელია, დეპუტატების მიერ წარდგენილმა ქონებრივმა დეკლარაციებმა დეპუტატებსა და ბიზნესს შორის კავშირი სრულად მაინც ვერ ასახოს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: