ვისია ყალბი პასპორტი და პირადობის მოწმობა?
ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, გამოძიებამ კიდევ ერთი საეჭვო წარმომავლობის პასპორტი და პირადობის მოწმობა მოიპოვა.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, დოკუმენტები ვინმე გოჩა წერეთლის სახელზეა გაცემული, თუმცა მასში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ამჟამად თბილისის მერიის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილის გიორგი ლორთქიფანიძის ფოტოსურათია განთავსებული.
„გამოძიებამ გიორგი ლორთქიფანიძე მოწმის სახით დაკითხა, რომელმაც დაადასტურა, რომ დასახელებული პასპორტი და პირადობის მოწმობა, გარკვეული დროის განმავლობაში მართლაც მის განკარგულებაში იყო. მანვე გამოძიებას განუმარტა, რომ ანალოგიური პასპორტები სხვისი დემოგრაფიული მონაცემებით, შესაძლოა, შსს-ს სხვა თანამშრომლებსაც ჰქონდეთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე მოწმის სახით ასევე, ივანე მერაბიშვილის დაცვის წევრი ვანო ტუღუში დაიკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ 2012 წლის 30 ნოემბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ივანე მერაბიშვილს ორი პასპორტი გადასცა.
განცხადენის თანახმად, საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება გრძელდება.