სააკაშვილის მზაკვრული "მესიჯი", ანუ რა გაძლებს აპრილამდე?!
საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს გაზეთ "ფაინეიშელ ტაიმს"-ში გამოქვეყნებული ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც რამდენიმე ნიშნით საყურადღებოცაა და დამაფიქრებელიც.
პრეზიდენტი ირწმუნება, რომ მზად არის დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან მოქმედ პრემიერ-მინიტრთან, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან, რათა "პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი მოიძებნოს". მეტიც, სააკაშვილი მზადაა სრულად გადასცეს კონტროლი "შიდა საქმეებზე" და თვითონ სრული კონცენტრირება მოახდინოს საგარეო ურთიერთობებზე.
"ნაცლიდერი" ძალიან დაფიქრებულა იმაზე, რომ შეიძლება პრეზიდენტის და პრემიერის შეუთანხმებლობამ "ცუდი შედეგი გამოიღოს და დასავლეთის ქვეყნებმა უარი თქვან საქართველოს მხარდაჭერაზე".
საკმაოდ "გონივრული" და დამაფიქრებელი "მესიჯია" დიახაც, სახელმწიფოს მეთაური საკუთარი ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობაზე უნდა ზრუნავდეს და თავადვე უნდა იყოს სტაბილურობის გარანტიც. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ პოლიტიკურ რყევებს არა მარტო საერთაშორისო სარბიელზე, არამედ ქვეყნის შიგნითაც უარყოფითი შედეგები მოაქვს და ისეთი სუსტი (პოლიტიკურად და ეკონომიკურად) ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ბუნებრივია, შედეგები კიდევ უფრო დამანგრეველი იქნება...
ვინც საქართველოში არსებულ რეალურ სიტუაციას არ იცნობს, იფიქრებს, რომ სააკაშვილმა სწორი და დროული გადაწყვეტილება მიიღო, როცა თქვა, რომ პრეზიდენტი და პრემიერი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდნენ და გავლენის სფეროები გაინაწილონ. ასე ხდება ყველა ნორმალურ, ცივილიზებულ სახელმწიფოში, სადაც ფუნქციები დეტალურადაა გაწერილი და ურთიერთობებს მხოლოდ და მხოლოდ კანონი არეგულირებს. ჩვენ კი ბოლო 9 წელიწადი ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრეთ, სადაც კონსტიტუცია ჩოხასავით მოირგო პრეზიდენტმა, ხოლო კანონები მხოლოდ მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურებოდა.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ პირველი ოქტომბრის შედეგები მოულოდნელი იყო ახალი უმრავლესობისთვის და "ნაციონალური" ხელისუფლებისთვისაც. პირველი მზად იყო მეორე ადგილსაც დასჯერებოდა, ხოლო მეორე "თავისი აშენებულის" არავისთვის დათმობას არ აპირებდა.
თუმცა, ამ მოულოდნელი შედეგებით გაოგნებული "ნაცმოძრაობა" უცებ გამოფხიზლდა და ახლა იმაზე დაიწყო ფიქრი, როგორ შეეშალა ხელი ახალი უმრავლესობისთვის და როგორ დაბრუნებულიყო ისევ ხელისუფლებაში.
საკმაოდ გამაოგნებელი იყო პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებაც, რომ იგი აღიარებდა დამარცხებას და ახალი ხელისუფლების ოპოზიციაში გადადიოდა. ამ განცხადებას სათანადო შეფასება მიეცა ექსპერტებისა და საზოგადოების მხრიდან და ახლა ამაზე აღარ შევჩერდები. უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ იქცევა არჩევნებში დამარცხების შემდეგ "ნაცმოძრაობა". ერთი რამ ფაქტია: მათ სახელისუფლო ბერკეტების დაკარგვა და ოპოზიციური მანტიის მორგება ძალიან გაუჭირდათ!
"ნაცმოძრაობის" მთავარი კოზირი წლების მანძილზე მათ მიერ გაფუჭებული საქმის, "ქართულ ოცნებაზე" გადაბარებისა და წინასაარჩევნო დაპირებებზე აპელირების მცდელობაა: ოღონდ, ეს "შიდა ბაზარზე". რაც შეეხება საგარეო ბაზარს _ ანუ საქართველოს იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე, ამისთვის ღრმადპატივცემულმა პრეზიდენტმა უკვე, იზრუნა და რასმუსენისა და სხვა საერთაშორისო ბოსების ალიყურიც დავიმსახურეთ.
სააკაშვილი მსოფლიოს უმტკიცებდა, რომ ახალმა უმრავლესობამ წინა ხელისუფლების მიერ არჩეულ კურსს ზურგი აქცია და იგი ვერც დემოკრატიული ქმედებებით ვერ მოიწონებს თავს, _ ყველაზე მთავარი ის იყო, რომ სააკაშვილმა ახალი ხელისუფლების კანონიერი ქმედება _ სისხლის სამართლის დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის (ხაზს ვუსვამ, მიცემის) მცდელობა წინა ხელისუფლების, ანუ ერთადერთი ოპონენტის (სამწუხაროდ ასე ფიქრობს კოალიცია, "ქართული ოცნებაც", რაც არასწორია!) პოლიტიკურ დევნად მონათლა და იგი დემოკრატიული მონაპოვრის იგნორირებაში დაადანაშაულა. ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა უცხოურ გავლენიან გაზეთებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე, რომლის მიზანიც სწორედ ახალი მთავრობის დისკრედიტირება იყო და ახლა ამაზე ყურადღებას არ შევაჩერებ!
სააკაშვილი დროსა და მომენტს არ უშვებს ხელიდან სერიოზული დარტყმა მიაყენოს ახლადარჩეული საპარლამენტო უმრავლესობის იმიჯს და ამით თავის ძველ პარტნიორებს ერთგულება კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს და მხარდაჭერაც სთხოვოს.
ბევრი ითქვა იმაზეც, რომ ახალმა მთავრობამ თავის დროზე არ იზრუნა ლობისტური ჯგუფების დაქირავებაზე, რამაც PR-ის თვალსაზრისით საერთაშორისო ასპარეზზე გარკვეული ვაკუუმი შექმნა. აღნიშნულმა ახალი ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმში გადაიყვანა.
როგორც ირკვევა, ივანიშვილმა ეს შეცდომაც გამოასწორა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალური დეპარტამენტი შექმნა, რომელიც სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს!
მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილის "თამადობით" საზოგადოების და შესაბამისად, სახელმწიფოს ინტერესებს თავის ინტერესებს არგებდა, მან PR-ის დახვეწილი მექანიზმები შექმნა, რითაც დემოკრატიული ხელისუფლების მანტია მოისხა. ეტყობა, ეს მექანიზმი ჯერჯერობით გამართულად მუშაობს, მაგრამ ვეჭვობ, რეალური სიტუაციის გათვალისწინებით (საზოგადოების განწყობას ვგულისხმობ) მომავალში დიდი წარმატება მოუტანოს.
ახლა რაც შეეხება სააკაშვილის ინიციატივას, რომელიც უცხოური გაზეთის ჟურნალისტებთან გააჟღერა, საზოგადოება თვლის, რომ ეს სატყუარაა და იგივე პიარის ნაწილია, რომელსაც არ შეიძლება დავეყრდნოთ
სხვათაშორის, ზემოხსენებული ინტერვიუს შემცირებული ვარიანტი "ივერიონმაც" გამოაქვეყნა, რომელსაც საკუთარ ფეისბუქზე მნიშვნელოვანი გამოხმაურება მოჰყვა, შევეცდები ზოგიერთის გაწყობა შეულამაზებლად გადმოვცე!
"არ გამოვა, სააკაშვილისთვის საგარეო ურთიერთობების ჩაბარება, ეს იმას ნიშნავს, მგელს კრავი ჩააბარო. თუ რამე არ გამოვა, ყველაფერს შიდა პოლიტიკას დააბრალებს და ივანიშვილის იმიჯს ბოლოს მოუღებს. არ იმსახურებს ეს კაცი ნდობას _ საუკეთესო გამოსავალია მასზე მორგებული კონსტიტუცია, არა უგვიანეს იანვარ-თებერვლისა და ეს ოქტომბრამდე უფუნქციოდ დავტოვოთ. ვიცი, პრემიერ-მინისტრი ამ ფანდს არ წამოეგება" _ წერს ნიკა მებუკე.
თუ სააკაშვილის 9-წლიან ერთპიროვნულ მმართველობას გავიხსენებთ, ძნელია არ დაეთანხმო ბატონ ნიკას _ ნდობა ნამდვილად არ შეიძლება, მაგრამ, რადგან დასავლეთის აზრსაც ანგარიში უნდა გავუწიოთ. საუკეთესო ვარიანტია შეკვეცილი უფლებებით კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადამდე _ ანუ, ოქტომბრამდე მოვითმინოთ მისი პრეზიდენტობა.
თუმცა, სხვა აზრი აქვთ კონსტიტუციონალისტებს. ასე, მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპების ერთ-ერთი ავტორი ბ-ნი ბაკურ გულუა თვლის, რომ მოქმედ პრეზიდენტს საკონსტიტუციო ვადა 2013 წლის 5 იანვარს უსრულდება და თუ სამართლებრივ ბერკეტებს ავამოქმედებთ (იგულისხმება საკონსტიტუციო სასამართლო), შესაძლებელია იმპიჩმენტის პროცედურა არ დაგვჭირდეს. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოში მის მიერ შეტანილ სარჩელზე ჯერ კიდევ პასუხიც არ მიუღია.
ჟურნალისტი შოთა მაჭარაშვილი ფიქრობს, რომ "მაგის საგარეო ურთიერთობებზე კონცენტრირება ხანძართან ნავთით მიშვებას ნიშნავს", რაც არ უნდა დავუშვათ. მაჭარაშვილი სააკაშვილის გამონათქვამებს იხსენებს და ასკვნის, რომ არ შეიძლება პრეზიდენტი საკუთარ ხალხს ემუქრებოდეს და საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაციისთვის იბრძოდეს.
ქალბატონი ქეთი ლოლაძე რიტორიკულ კითხვას უსვამს პრეზიდენტს: "შენს ხელში არ იყო ქვეყნის საშინაო და საგარეო მმართველობა? ნეტავ ხალხს რა გაუკეთე?!"
ერთი სიტყვით, საზოგადოების განწყობა პრეზიდენტის ინიციატივის _ დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და შევთანხმდეთ, რომ შენ (ივანიშვილი) საშინაო საქმეებს მიხედავ, მე საგარეო ურთიერთობებს გავუძღვები, საკმაოდ ნეგატიურია _ უმრავლესობა არ ენდობა პრეზიდენტის ინიციატივას და ფიქრობენ, რომ ამ შეთავაზების მიღმა მზაკვრული ჩანაფიქრი იმალება. "მზაკვრულ ჩანაფიქრში" ბუნებრივია მის ხელთ არსებული ბერკეტების ამოქმედება და ახალი ხელისუფლების ყველა დონეზე დისკრედიტაცია იგულისხმება.
ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ სააკაშვილი აუცილებლად გამოიყენებს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებს და იგი ეცდება 2013 წლის აპრილში, ანუ არჩევნებიდან 6 თვეში დაითხოვოს ახლადარჩეული პარლამენტი.
არჩევნებიდან განვლილმა მოკლე დრომ აჩვენა, რომ "ნაციონალები" დაგეშილი არიან შანსი არ გაუშვან ხელიდან და საზოგადოებას "ქართული ოცნების" სუსტი მხარეები დაანახონ _ ქვეყნის შიგნით ეს არის წინასაარჩევნო ინდულგენციები (დაპირებები), რომლის ოპერატიულად შესრულება დღევანდელ პირობებში ნებისმიერ ხელისუფლებას გაუჭირდება, რაც არ უნდა დიდი სრუვილი ჰქონდეს ამისი. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ყბადაღებული ტარიფები და სხვა სოციალური გარანტიები, რომელსაც უხვად არიგებდა წინასაარჩევნოდ დღევანდელი ხელისუფლება. რაც შეეხება მეორე თემას _ სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში _ რაც დამნაშავეთა დასჯას გულისხმობს, ამას "ნაცები" თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ და საერთაშორისო საზოგადოებას არწმუნებენ, რომ პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან.
ერთი სიტყვით, პრეზიდენტი თავის გუნდთან ერთად ცდილობს, რაც შეიძლება მეტი შეცდომა დააშვებინოს თავის სამართალმემკვიდრეს და მერე იგი რევანშისთვის, ანუ ხელახალი არჩევნებისთვის გამოიყენოს. მართალია, დღევანდელი მდგომარეობით, საზოგადოების უმრავლესობის განწყობა "ქართული ოცნების" მხარეზე იხრება, მაგრამ თუ მათ საზოგადოების დაკვეთა არ შეასრულეს (სოციალური პირობების გაუმჯობესება, დამნაშავე მაღალჩინოსნების დაპატიმრება, სწორი საკადრო პოლიტიკის წარმართვა), არ არის გამორიცხული განწყობა შეიცვალოს.
თამამად უნდა ითქვას ისიც, რომ იგივე საზოგადოებას "ნაციონალების" დამნაშავე მაღალჩინოსნებთან სამართალდამცველების ლაციცი არ მოსწონს _ გარკვეულ უკმაყოფილებას იწვევს "გამიშვი _ დამიჭირეს" პოლიტიკა, რომელსაც ან არაკვალიფიციურობის ბეჭედი აზის, ან გარკვეული შეთანხმების (თამაშის) სუნი ასდის!
ივანიშვილს დიდი ძალისხმევა სჭირდება იმისთვის, რომ ქვეყანამ პოლიტიკური რყევები თავიდან აიცილოს. აქედან გამომდინარე, ყველანაირად უნდა ვეცადოთ უმტკივნეულოდ გადავაგოროთ მომავალი წლის აპრილი და სააკაშვილი "ღირსეულად გავამგზავროთ" პოლიტიკურ მოუსავლეთში თავის დემორალიზებულ გუნდთან ერთად.
ზაურ ნაჭყებია