ლაშა ტუღუში: მედიაში პოლიტიკური ფულის არსებობა უნდა შეიზღუდოს

ლაშა ტუღუში: მედიაში პოლიტიკური ფულის არსებობა  უნდა შეიზღუდოს

სასტუმრო ,,ქორთიართ მარიოტში“ მიმდინარე მედიაკონფერენცია 2012-ზე ,,რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა აღნიშნა, რომ მედიაკომპანიებში  მაღალი ხარისხის ფინანსური გამჭვირვალობა უნდა იყოს და კომპანიებში პოლიტიკური ფულის არსებობა მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს.


ტუღუშის თქმით, ამისთვის პირველ რიგში, მედიასაშუალებებში საერთაშორისო სტანდარტების აუდიტი უნდა განხორციელდეს.


,,ჩვენთან ამ სტანდარტით აუდიტის ჩატარება არ ხდება. აუდიტი საფინანსო სტანდარტით უნდა ჩატარდეს, მართალია ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ საზოგადოებას გამჭვირვალე ინფორმაცია ექნება“, - განაცხადა ტუღუშმა.


ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ მედიაში ბიუჯეტიდან ძალიან დიდი ფული მიედინება, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება კი მხოლოდ ტენდერების გზით უნდა ხდებოდეს, რომელიც ასევე კანონში უნდა აისახოს.


,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი მათია ჰიუტერი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია ,,იმედის“ მმართველობის შეცვლა სარეკლამო ბაზარზე კონკურენციას გაზრდის.


მისი თქმით, 2010 წელს სარეკლამო ხარჯები ძირითადად ისეთ მედიაკომპანიებზე მიდიოდა, რომლებიც ხელისუფლებასთან მეგობრულ დამოკიდებულებაში იყვნენ, ხოლო ოპოზიციურ არხებზე რეკლამის განთავსება შეზღუდული იყო.


ჰიუტერის განცხადებით, პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მედიაკომპანიებში ცენზურა ნაკლებად შეინიშნება და კომპანიები თავისუფლად საქმიანობენ.


,,იმედს მმართველობა შეეცვალა, შესაძლებელია ,,რუსთავი 2“-შიც იგივე მოხდეს, ეს რეკლამის მხრივ კონკურენციას გაზრდის და ბაზარი დანაწევრებული იქნება“, - განაცხადა მათიას ჰიუტერმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: