ალექსი პეტრიაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების ნაკისრი მოვალეობებისა და ვალდებულებების შესრულების კომიტეტის თანამომხსენებელს ბორის ცილევიჩსა და კომიტეტის მდივანს ბას კლეინს შეხვდა.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა მადლიერება გამოხატა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციებთან დაკავშირებით. რეკომენდაციები რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აფიქსირებს და ადექვატურად ასახავს ამ რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესს.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მძიმე ვითარების შესახებაც. ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ევროპის საბჭომ სრულად და ეფექტურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული მექანიზმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგისათვის.
შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა საქართველო-რუსეთის ურთიერთობის დარეგულირების აუცილებლობაზე. სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა რუსეთთან დიალოგის დაწყებისთვის ქართული მხარის მზაობაზე. მან ჟენევის მოლაპარაკება მხარეებს შორის კონფლიქტის დარეგულირების ეფექტურ მექანიზმად შეაფასა.