მამუკა ჭაბაშვილისთვის უცნობია, დაიბარებენ თუ არა მესამედ მერაბიშვილს დაკითხვაზე
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, მერაბიშვილმა ყველა შეკითხვას ამომწურავად გასცა პასუხი.
როგორც ჭაბაშვილმა მერაბიშვილის დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ყოფილი პრემიერი დაკითხვაზე მოწმის სახით ე.წ. პასპორტების საქმესთან დაკავშირებით იმყოფებოდა.
„სხვა საქმესთან დაკავშირებით არანაირი კითხვა არ დასმულა და ვანო მერაბიშვილმა ყველა მათ კითხვას პასუხი ამომწურავად გასცა“, - განაცხადა ჭაბაშვილმა.
ამასთან, ადვოკატის თქმით, მისთვის ცნობილი არ არის დაიბარებენ თუ არა მერაბიშვილს მესამედ საგამოძიებო სისტემაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიები სამსახურში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის 5 საათიანი დაკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
დაკითხვიდან გამოსულმა მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის მთავარია ყოველდღე გაშუქდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა დაკავებებისა თუ გათავისულების ამბები და არა სოციალური საკითხები.