სოსო ცინცაძე: მმართველი პარტია გამგებლებზე ზეწოლას ახდენს!

სოსო ცინცაძე: მმართველი პარტია გამგებლებზე ზეწოლას ახდენს!

ბოლო დროს ერთმანეთის მიყოლებით თანამდებობებს ტოვებენ რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებლები. მათ ადგილს კი, უმეტესად, "ქართული ოცნების" წევრები იკავებენ.


"საქმე გვაქვს ზეწოლასთან, ახლა უკვე მმართველი პარტიის მხრიდან, რაც არ არის ნორმალური და მისაღები. სრულიად გასაგებია მოსახლეობის განწყობა ადგილობრივი ჩინოვნიკების მიმართ, თუმცა მოსახლეობა ვალდებულია, პატივი სცეს კონსტიტუციას და რადგან რაიონის გამგებლები 2014 წლამდე არიან არჩეულები, უნდა აცადონ მათ ნორმალურ რეჟიმში მუშაობა", _ აცხადებს "ივერიონთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.


როგორც ექსპერტი ამბობს, შესაძლებელია ზოგიერთ შემთხვევაში პირადი ინტერესების დაკმაყოფილების სურვილიც არსებობდეს.


"არ გამოვრიცხავ პირად ინტერესებსაც და იმის დიდი ალბათობაა, რომ ზოგიერთ რაიონში სწორედ ის ადამიანები მოვლენ ხელისუფლებაში, ვინც ამ აქციებს ორგანიზებას უწევენ.


რაც შეეხება შიმშილობას. გახსოვთ, ალბათ, როცა ირლანდიაში შიმშილობა გამოუცხადეს ტერორისტებმა მარგარეტ ტეტჩერს. ტეტჩერმა ყურად არ იღო ეს ფაქტი და ორი მოშიმშილე ტერორისტი გარდაიცვალა. ამის შემდეგ დანარჩენებმაც შეწყვიტეს შიმშილობა. ანუ, ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს შიმშილობა, დერეფანში გაწოლა და ასე შემდეგ, არ არის დემოკრატიული მოვლენა და ადამიანებმა დემოკრატიულ ქვეყანაში ამ ფორმებს არ უნდა მიმართონ", _ ამბობს ცინცაძე.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, რაც მარტვილის გამგეობის შენობასთან რამდენიმე ადამიანი შიმშილობს ადგილობრივი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით. ასევე აქციები გრძელდება ყველა იმ მუნიციპალიტეტთან, სადაც ჯერ კიდევ "ნაცმოძრაობის" კადრები არიან საკრებულოს თავმჯდომარისა თუ გამგებლის თანამდებობაზე.
ვალერი ვახანია    

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: