ბორის სილევიჩი: ახალმა ხელისუფლებამ წარსულში არსებული ნაკლოვანებები უნდა აღმოფხვრას
ევროპის საბჭოში საქართველოს საკითხებზე მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელმა ბორის სილევიჩმა საქართველოში, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში არსებული ვითარება შეაფასა.
როგორც სილევიჩმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ის საქართველოს ისტორიაში საარჩევნო პროცესის მეშვეობით ძალაუფლების გადაცემას დადებითად აფასებს.
მან აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს შეფასებით, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო და ამომრჩევლის ნებას ასახავდა.
„ახალმა ხელისუფლებამ რეფორმების კურსი უნდა გააგრძელოს და ის პოზიტიური ცვლილებები განავითაროს, რომელიც მის წინამორბედს ჰქონდა. ამავე დროს, აღმოფხვრას გარკვეული ნაკლოვანებები, რომელიც წარსულში არსებობდა“ ,- განაცხადა სილევიჩმა.
მისივე თქმით, ევროპის საბჭო მისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს მომავალშიც გააგრძელებს.
სილევიჩის განცხადებით, საქართველოში გამართული შეხვედრებისას ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება საუბრის ერთ-ერთი მთავარი და ვრცელი თემა იყო.
„ნებისმიერმა პირმა, ვინც კანონს არღვევს, პასუხი უნდა აგოს, თუმცა ეს სამართლიანობასა და კანონის უზენაესობაზე დამყარებული გამოძიებისა და მართლმსაჯულების შედეგად უნდა მოხდეს. არანაირი პოლიტიკური თანამდებობა დაუსჯელობისა და იმუნიტეტის საფუძველი არ არის“, - აღნიშნა ბორის სილევიჩმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობის აუცილებლობას და მაქსიმალურ გამჭვირვალობას.
ევროპის საბჭოში საქართველოს საკითხებზე მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელმა და კომიტეტის მდივანმა ბას კლეინმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესების წევრებთან, მინისტრებთან, პრემიერ-მინისტრთან, უშიშროების საბჭოს მდივანთან, არასამთავრობო სექტორთან და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებთან გამართეს.