ერთადერთი ქართველი მრბოლელი მსოფლიო ფინალში
რუსთავის ავტოდრომის მფლობელი შოთა აფხაზავა დღეს მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო ფინალში „ლეგენდის კლასში“, ლას ვეგასში. ის ერთადერთი ქართველი მრბოლელია, რომელიც მონაწილეობას იღებს ყველაზე პრესტიჟულ მსოფლიო შეჯიბრში ამ ავტომობილის კლასში. აფხაზავა მონაწილეობდა „ლეგენდის“ მსოფლიო ფინალში 2008, 2009 და 2011 წლებში, მან მოიპოვა მეორე ადგილი SemiPro ჩათვლაში, ხოლო მესამე ადგილი Pro ჩათვლაში. ამჯერად შოთა აფხაზავა მიზნად ისახავს გამარჯვებას პროფესიონალთა ჩათვლაში.
შეჯიბრის ფორმატი აშშ–ში საქართველოს ჩემპიონატის ანალოგია: ფინალი ჩატარდება დღეს – 14:30 ადგილობრივი დროით.
რბოლებში, რომელსაც ატარებს ამერიკული ფედერაცია INEX ავტომობილების მწარმოებელთან და US Legend Car International კომპანიასთან, მრბოლელები რამდენიმე შტატიდან მიიღებენ მონაწილეობას, ასევე ევროპიდან და აფრიკიდან.
შოთა აფხაზავა პროფესიონალი ავტომობილების კონსტრუქტორი, ArtTech მარკის „ფორმულა 3„ ბოლიდების შემქმნელი, ასევე მრბოლელი, რუსეთის ლეგენდის სერიის და 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის გამარჯვებულია.