დევნილებისთვის რამდენიმე შენობა გარემონტდება

დევნილებისთვის რამდენიმე შენობა გარემონტდება

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 7 შენობა გარემონტდება. 

 

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება.

 

სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ჩატარდება. 

 

პროექტის ფარგლებში, გორში, მეჯვრისხევის ქ.№24-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში და თბილისში, კაიროს ქ.№20-ში, კასკადის ქ.№41-ში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. ძმები გარიშვილების ქ.№7-სა და კახეთის გზატკეცილის №25-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებში კი სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.

 

მასშტაბური სამუშაოები თბილისში, ბაბუცუძის ქ.№12-ში მდებარე შენობას ჩაუტარდება, სადაც დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის ობიექტი საცხოვრებელ ბინებად გადაკეთდება. შენობაში განახლდება წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები  და გამოიცვლება სახურავი.

 

სამუშაოების ჩატარებას განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, 2012 წლის ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან დააფინანსებს. 

 

შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მინისტრმა უკვე გამოსცა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: