ივანიშვილს „გაგებული“ საზოგადოების იმედი აქვს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ამნისტიის შედეგად ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გაგებით მოეკიდოს.
დღეს, საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რამდენიმე ასეულ ათას ადამიანს ციხიდან როცა უშვებ, ბუნებრივია, ასეთ დროს აბსოლუტური ფილტრი ვერ იქნება.
მისი თქმით, გასაგებია, რომ ამნისტიის შედეგად გათავისუფლებული პატიმრების მცირე ნაწილი მაინც გააგრძელებს ძველ ცხოვრებას, რისთვისაც ციხეში მოხვდა.
„რამდენიმე დღე შესაძლებელია, რომ ქალაქში რაღაც მოხდეს და საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს. მე არ მქონდა მხედველობაში რომ ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება, მაგრამ რაღაც დროებით „აფეთქებები“ იქნება. ვთქვი, რომ მოსახლეობა პროცესს გაგებით მოეკიდოს, რამდენადაც ეს პროცესი ჰუმანურია და საზოგადოებისთვის აუცილებელია“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, შესაძლოა, იმ მდგომარეობას რაც ქვეყანაში არსებობს, რამდენიმე პრეცედენტი დაემატოს.
პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით გუშინ მიიღო.
გათავისუფლების შესახებ კანონი რამდენიმე ათასი მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემსუბუქებასაც ითვალისწინებს. ამნისტია, პირველ რიგში, ქალებს, არასრულწლოვნებს და ეკონომიკური დანაშაულისათვის გასამართლებულებს შეეხებათ.