ვანის საკრებულოს თავმჯდომარე დაკითხვაზე დაიბარეს
ვანის საკრებულოს თავმჯდომარე დავით კაკაბაძე იმერეთის სამხარეო პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს.
გამოძიებას მასთან შეკითხვები 23 სექტემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აქვს.
დავით კაკაბაძე აცხადებს, რომ ინციდენტის დროს ვანში არ იმყოფებოდა.
„იმ დღეს ოჯახის საქმეზე, თბილისში ვიმყოფებოდი. არაფერი დამიშავებია. ვანში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნები მოიგო, ხალხმა მხარი დაგვიჭირა და თუ ჩემი დაჭერა უნდათ, დამიჭირონ“, - განაცხადა კაკაბაძემ.
დავით კაკაბაძის ადვოკატის, თამარ თედლიაშვილის განცხადებით, კაკაბაძე პოლიციის სამმართველოში მოწმის სტატუსითაა დაბარებული, თუმცა დაბარების გარემოებებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ფლობს.
ამასთან, საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე აღნიშნულ ფაქტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად და თვითმმართველობაზე კიდევ ერთ ზეწოლად აფასებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დავით კაკაბაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბში კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ მამუკა შარაშენიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.