სერგო რატიანი: ის, რაც დღეს ხდება, ქვეყნის კონსტიტუციურ მოწყობას დაანგრევს

სერგო რატიანი: ის, რაც დღეს ხდება, ქვეყნის კონსტიტუციურ მოწყობას დაანგრევს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი ქვეყანაში მიმდინარე დაპატიმრებებსა და დაკითხვებს ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის დასანგრევად მიმართულ პროცესს უწოდებს.

 

ამის შესახებ რატიანმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. 

 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური განცხადებების ფონზე თვითმმართველობის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაპატიმრება, დაკითხვა და სასამართლო პროცესები დღესაც მიმდინარეობს თბილისში, ვანში, ჭიათურაში და  ქურთაში.

 

„ეს ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის დასანგრევად მიმართული პროცესია. ბიძინა ივანიშვილს განზრახული აქვს ერთიანი, უკონტროლო სივრცის შექმნა და სისტემის ჩამოყალიბება საქართველოში“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

 

მისი თქმით, ქურთის მუნიციპალიტეტის სამ საჯარო მოხელესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ჩატარდა და ისინი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

 

რატიანის განცხადებით, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დევნილების გამოყვანას უზრუნველყოფდნენ.

 

„ჭიათურის რაიონში გოგი ჩიკვილაძეა დაკავებული, თუმცა ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ, ხოლო ვანის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დავით კაკაბაძე და თბილისის მერის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი ამჟამად დაკითხვაზე იმყოფებიან“, - აღნიშნა რატიანმა.

 

მისივე თქმით, ეს ფართომასშტაბიანი ოპერაციაა და იმ ფონზე მიმდინარეობს, როცა ბიძინა ივანიშვილმა თვითმმართველობებზე ზეწოლა წაახალისა და თქვა, რომ ეს ნორმალური პროცესია და მომავალშიც გაგრძელდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: