კრივის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს!
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ კრივის ფედერაციის რიგგარეშე საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე ფედერაციის პრეზიდენტად ვეტერანი მოკრივე, ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების მონაწილე - დავით კვაჭაძე აირჩიეს. კვაჭაძეს ფედერაციის დელეგატებმა ღია კენჭისყრაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი.
პრეზიდენტობისათვის კენჭს დავით კვაჭაძესთან ერთად, ფედერაციის გენერალური მდივანი - ვლადიმერ ახალკაციც იყრიდა, თუმცა მან ყრილობის დასაწყისში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
კრივის ფედერაციის ახალმა პრეზიდეტმა ვიცე-პრეზიდენტად შუქრი ბურჭულაძე დაასახელა, გენერალური მდივნის პოსტზე კი ვლადიმერ ახალკაცი დატოვა.
ყრილობას სტუმრის სტატუსით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი - ირაკლი დოლაბერიძე ესწრებოდა.
კრივის ფედერაციას 2006 წლიდან პეტრე ცისკარიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც თანამდებობა 2012 წლის ოქტომბერში დატოვა.