კლიმატის ცვლილებას მსოფლიო ისევ „კიოტოს ოქმით“ ებრძვის!
ორასამდე ქვეყნის წარმომადგენლებმა, რომლებიც კატარში, დოჰაში შეიკრიბნენ, გადაწყვიტეს, კიოტოს ოქმად წოდებული დოკუმენტის პირობები ძალაში 2020 წლამდე დატოვონ. ამ ინფორმაციას რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს.
კიოტოს ოქმზე სხვადასხვა საკითხში მდიდარმა და ღარიბმა ქვეყნებმა მოახერხეს მორიგება, მათ შორის, საფინანსო თემებზე, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზარალის კომპენსაციაზე. დოჰას კლიმატის კონფრენციის თავმჯდომარემ, აბდულა ბინ-ჰამად ალ-ატიამ ოქმის ვადის გავრცობის შესახებ გამოაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილებათა ახალ პაკეტს ეწოდა „დოჰის კლიმატის კარიბჭე“. ის რჩება ერთადერთ იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტად, რომელიც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის სფეროში არსებობს. თუმცა ის ფარავს მსოფლიოში ემისიის მხოლოდ მცირე - 15 პროცენტს: აშშ არასოდეს შეერთებია კიოტოს ოქმს, რადგან მასში არ არის გაწევრიანებული ჩინეთი და სხვა, სამრეწველო თვალსაზრისით, დიდი ქვეყნები.
გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი მიესალმა დოჰის გადაწყვეტილებას.