ვილფრედ მარტენსი: ივანიშვილმა პატივი უნდა სცეს საქართველოს კონსტიტუციას!
ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ივანიშვილი მკაცრად გააკრიტიკა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის სახალხო პარტიის“ ოფიციალური საიტი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ახალი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ საქართველოში საკმაოდ დამაბრკოლებელი ტენდენციები შეინიშნება. კოალიცია „ქართული ოცნების“ მინისტრების მხრიდან განხორციელებული რევანშისტული პრეტენზიები, ასევე ჟურნალისტების გათავისუფლება სამსახურებიდან, ოპოზიციური პარტიის ლიდერებისა და მათი წარმომადგენლების დაშინება და შევიწროვება „ევროპის სახალხო პარტიის შეშფოთებას“ იწვევს.
პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი მოუწოდებს პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს, რომ სასწრაფოდ შეწყვიტოს თავდასხმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებსა და წარმომადგენლებზე; პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, დემოკრატიულ ნორმებს, ფუნდამენტურ ღირებულებებსა და პრინციპებს.
„ვურჩევ საქართველს ხელისუფლებას, ენერგიის ფოკუსირება წინასაარჩევნოდ გაკეთებულ მრავალრიცხოვან დაპირებებზე მოახდინოს. ვფიქრობ, დადგა დრო, საქართველოს ხელისუფლებამ უფრო მკაცრი გზავნილები მიიღოს “, - განაცხადა მარტენსმა.
„ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტმა ვილფრედ მარტენსმა მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი ბრიუსელში მიიწვია.