როგორ უპასუხებს კრემლი "მაგნიტსკის აქტს"?
ამერიკოს მიერ ე.წ. "მაგნიტსკის აქტის" მიღება არის არამეგობრული ნაბიჯი რუსეთთან მიმართებაში. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ და რუსეთის ყოფილმა ელჩმა აშშ-ში იური უშაკოვმა განაცხადა.
"ჩვენ გვაიძულებენ ანალოგიური საპასუხო ნაბიჯები გადავდგათ. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ და, რა თქმა უნდა, ვუპასუხებთ", - განაცხადა უშაკოვმა.
ამავე დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კანონის მიღებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს არის რუსეთის საშინაო საქმებში ჩარევის მცდელობა და ამიტომ სახელმწიფო დუმამ შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს.
შეგასენებთ, რომ ამერიკის სენატმა "მაგნიტსკის აქტი" მიიღო, რომელიც რუსი ჩინოვნიკების მიმართ სავიზო სანქციებს ითვალისწინებს. ერთიანი პაკეტით გაუქმდა ჯექსონ-ვენიკის შესწორებები, რომელიც ზღუდავდა ვაჭრობას აშშ-სა და რუსეთს შორის.
ერთიან პაკეტს მხარი 94-მა სენატორმა დაუჭირა, ოთხმა ხმა წინააღმდეგ მისცა.
მაგნიტსკის აქტი სავიზო შეზღუდვების გარდა ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს იმ რუსი ჩინოვნიკების წინააღმდეგ, რომლებიც როგორც ვაშინგტონში მიიჩნევენ, კავშირში არიან საგამოძიებო იზოლატორში ფონდ Hermitage Capital-ის იურისტის დაღუპვასთან.
"მაგნიტსკის სიაში" ფიგურირებენ გამომძიებლები, რომლებსაც სერგეი მაგნიტსკის საქმე მიჰყავდათ და უფრო მაღალი რანგის სამართალდამცველები, რომლებმაც მის დაპატიმრებაზე გასცეს საქნცია.