ბუტა რობაქიძის მკვლელობის მოწმეს ხვალ დაკითხავენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში მნიშვნელოვანი მოწმის - გიორგი ქურდაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
"კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის ინფორმაციით, სასამართლოში გაიმართება ბუტა რობაქიძის მეგობრების – გიორგი ქურდაძისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებაში ბრალდებულ სხვა პირთა პროცესი.
მისივე განმარტებით, ბრალდებულები 8 წლის განმავლობაში, უშედეგოდ ამტკიცებდნენ 2004 წლის 24 ნოემბერს მათთვის იარაღის ჩადების ფაქტს, რითაც გამართლდებოდა მათი მეგობრის - ბუტა რობაქიძის მკვლელობა. მომხდარს თავდაპირველად მიენიჭა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებული მკვლელობის კვალიფიკაცია, რათა მკვლელობის მოტივად დასახელებული აუცილებელი მოგერიება გამხდარიყო აღნიშნული საქმის შეწყვეტის მიზეზი.
როგორც ადვოკატი აცხადებს, მოგვიანებით, საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად, მკვლელი პოლიციელი – ბაშალეიშვილი გასამართლდა გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისთვის.
2012 წლის ნოემბრიდან პროკურატურამ დაიწყო ხელახალი გამოძიება მომხდარ უმძიმეს დანაშაულზე და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ყოფილი თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი უკვე დადგა.
მიუხედავად ამისა, ქურდაძის მიმართ ბრალდება დღემდე არ არის მოხსნილი და მას შეფარდებული აქვს აღმკვეთი ღონისძიება.
გიორგი ქურდაძის ადვოკატი, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" წარმომადგენელი, არჩილ ჩოფიკაშვილი განსასჯელთა გამართლებას მოითხოვს და იმედს გამოთქვამს, რომ ქურდაძისა და მისი მეგობრების მიმართ ფალსიფიცირებული ბრალდების მოხსნა გახდება სამართლიანობის აღდგენისა და მართლმსაჯულების სამართლებრივ სივრცეში დაბრუნების საფუძველი.