აკაკი ბობოხიძე: მოწოდებები პრემიერის საქმე არ არის!
მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტი არ არის, დარჩება თუ არა შემდგომ საპრეზიდენტო თუ თვითმმართველობის არჩევნებში კოალიცია კონკურენტის გარეშე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს აქვს სურვილი, რომ კონკურენტის გარეშე იყოს კოალიცია "ქართული ოცნება" და საქართველო ერთპარტიულ მმართველობაში დააბრუნოს.
ის ასევე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას თვითმმართველობებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ივანიშვილმა პრაქტიკულად გაახმოვანა სამთავრობო გეგმა, რომელსაც სახელად ჰქვია "ერთპარტიული მმართველობის დამყარება მთლიანად საქართველოზე".
"თუ განვიხილავთ ბოლო ორი-სამი დღის განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებს, ისინი ჰარმონიზებულია ერთმანეთთან. ეს არის პრაქტიკულად შეტევის დაწყების სიგნალი ადგილობრივ თვითმმართველობებზე და ყველა იმ სახელისუფლებო შტოზე, რომელსაც ვერ აკონტროლებს დღევანდელი მმართველი ძალა. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ივანიშვილმა განაცხადა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებზე შეტევა არის ჩვეულებრივი მოვლენა. მან იქვე აღნიშნა, რომ ის მოუწოდებს თავის აქტივისტებს, ძალადობას არ ჰქონდეს ადგილი. პრემიერს მინდა შევახსენო, რომ პრემიერის საქმე არ არის მოწოდება, პრემიერის საქმეა აღკვეთოს ყველა ძალადობა და არაკანონიერი ქმედება", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.