ბიზნესმენი სერიოჟა გვარამია დააკავეს

ბიზნესმენი სერიოჟა გვარამია დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს "სანი"-ს მფლობელი, ბიზნესმენი სერიოჟა გვარამია დააკავა. 

 

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გვარამია პასუხისგებაში მიეცა საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც  თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს. მას  აღმკვეთ ღონისძიებად  წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

 

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში მიმდინარეობს. საქმე ეხება შპს "სანი"-ს ხელმძღვანელი პირების მხრიდან ყალბი საბუღალტრო დოკუმენტების გამოყენებით ფულადი თანხების მითვისების ფაქტს. გამოძიებით დადგინდა, რომ შპს "სანის" დირექტორმა სერიოჟა გვარამიამ, საზოგადოების მთავარ ბუღალტერ ეკა ჯაბუასთან და მოლარე-ბუღალტერ ეკატერინა გოგოხიასთან ერთად, ყალბი საბუღალტრო დოკუმენტების გამოყენებით საზოგადოების სალაროდან 3 618 339 ლარი მიითვისა. ამის  შემდეგაც ასევე ყალბი დოკუმენტებით, აღნიშნული თანხა გაიწერა  შპს "სანი"-ს მომმარაგებლებზე, მაშინ, როდესაც აღნიშნული თანხა რეალურად სერიოჟა გვარამიამ მიიღო  და არამიზნობრივად გახარჯა.

 

შპს "სანი" ძირითადად დაკავებულია სამშენებლო საქმიანობით. მას 2010-2012 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული აქვს 52 მილიონი ლარი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად. კერძოდ, ჩხოროწყუ-ტალერის გზის მონაკვეთის მშენებლობა, ზუგდიდი-ჯიხაშკარი-ჩხოროწყუს გზის მონაკვეთის მშენებლობა, ზუგდიდის შიდა ქუჩების მშენებლობა,  ფოთში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის თვრამეტი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, ანაკლიისა და განმუხურის ბულვარების მშენებლობა, ანაკლიაში სასტუმრო "ოქროს საწმისისა" და იახტკლუბის მშენებლობა და სხვა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: