მიხეილ სააკაშვილი: ისრაელთან დაკავშირებით, დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ისრაელის ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით, არ შეიძლება გადაწყვეტილებები დაუფიქრებლად მივიღოთ.
როგორც მან პოლონეთში აუშვიცის საკონცეტრაციო ბანაკში სიტყვით მიმართვისას განაცხადა, გრიგოლ ფერაძე იყო ადამიანი, რომელმაც რამდენიმე მთავარი გზავნილი დაგვიტოვა.
მისი თქმით, ქართული სულიერების პირველი გზავნილია - ის, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ქართულ ეკლესიას საქართველოს ისტორიისა და ქართული იდენტურობისთვის.
„არასდროს, არც ერთმა ქართველმა არ უნდა თქვას, რომ საქართველო უმნიშვნელო ქვეყანაა. მართალია, ზომით საქართველო პატარაა, მაგრამ მნიშვნელობით, ისტორიულად, დღევანდელობით, პოტენციურად, ძალიან დიდი ძალის მატარებელია მთელ რეგიონში“, - განაცხადა სააკაშილმა.
მისი თქმით, გრიგოლ ფერაძის მეორე გზავნილი არის ის, რომ საქართველო კავკასიის ერთიანობის ღერძია.
სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში არ შეიძლება ვებრძოდეთ იმ ხალხს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს კავკასიის მიმართულებით მუშაობისთვის, თუნდაც, ბოლო წლების განმავლობაში და ახლა ეს ხალხი მოვისროლოთ სისხლის სამართლებრივი დევნის თვალსაზრისით.
„შემდეგი გზავნილი, რელიგებს შორის დიალოგს შეეხება, განსაკუთრებით კი, ქართველ ქრისტიანებსა და ქართველ მუსლიმებს შორის, ქართველ ქრისტიანებსა და ზოგადად მუსლულმანურ სამყაროს შორის. უნდა გვახსოვდეს, რომ მსოფლიოში ბევრი მუსულმანი ქართველია, რომლებიც არ უნდა დავკარგოთ“, - აღნიშნა მან.
პრეზიდენტის განცხადებით, ამ ხალხის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ არ შეიძლება რაიმე სახით ვითმენდეთ, ან ვაღვივებდეთ ეთნოკონფლიქტებს, მით უმეტეს, საქართველოს შიგნით მუსულმანთა და ქრისტიანთა შორის.
მისივე თქმით, ეს დამღუპველია საქართველოსთვის და ძალიან საფრთხილო თემაა, რომელიც შეიძლება შეუქცევადი გახდეს.
„აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მაშინ, როდესაც საქმე ეხება ებრაელებს და ისრაელს - ისრაელთან, კერძოდ, ისრაელის ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით, არ შეიძლება დაუფიქრებლად მივიღოთ გადაწყვეტილებები“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტის სურვილია, საქართველოში ახალი გრიგოლ ფერაძეები კიდევ გაჩნდნენ.