მაია ფანჯიკიძე ელჩების გამოწვევას ითხოვს, პრეზიდენტი კი ჯერჯერობით, დუმს!
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, სხვადასხვა ქვეყნებიდან ელჩების გამოწვევასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მხრიდან რეაქცია არ ყოფილა. ამის შესახებ ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის განახლებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალურად უკვე მიმართა.
გარდა იმ ელჩებისა, რომლებმაც თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებები თავად დაწერეს, საუბარია ასევე, რამდენიმე ქვეყანაზე, რომლებსაც დიპლომატიური ეთიკიდან გამომდინარე, ფანჯიკიძე არ ასახელებს.
„სიაში იყო რამდენიმე ქვეყანა, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს და ახალ მთავრობას მიაჩნია, რომ ელჩი უნდა გამოიცვალოს. მათ შორის იყვნენ ის ელჩებიც, რომელთაც თვითონ განაცხადეს, რომ არ აპირებენ ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას“, - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან არც ამაზე ყოფილა რეაგირება.
„გამოწვეულია მხოლოდ ერთი ელჩი - კოტე გაბაშვილი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გააკეთა განცხადება, რომ თანამდებობის დატოვებას აპირებდა“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ დანარჩენი ელჩები, ჯერჯერობით, თანამდებობებზე რჩებიან.