ზაზა დავითაია: პოლიტპატიმრების აღიარება ქვეყანაში ტირანული რეჟიმის აღიარებას ნიშნავს
პოლიტპატიმრების აღიარება ნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატია კი არა, მიხეილ სააკაშვილის ტირანული რეჟიმი იყო.
ამის შესახებ ყოფილმა პატიმარმა ზაზა დავითაიამ „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში განაცხადა. პრესკლუბის ტრიბუნა ამჯერად ყოფილმა პატიმრებმა დაიკავეს.
ნორა კვიციანი, ზაზა დავითაია, მაია თოფურია და ვახტანგ ნარცია აცხადებენ, რომ ისინი არიან პოლიტპატიმრები. მათ ეს სტატუსი არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მიანიჭათ, მაგრამ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში არ მოხვდნენ.
მათი განცხადებით, კანონპროექტში „პოლიტპატიმრების შესახებ“ თავდაპირველად შეტანილი იყო მე-4 პუნქტი, რომელიც კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში ამოღებულია.
მე-4 პუნქტი გულისხმობდა, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმ პირთა რეაბილიტაცია, რომლებიც უკანონოდ იხდიდნენ სასჯელს. სწორედ ამ პუნქტის აღდგენას და მათთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში შეკრებილი ყოფილი პატიმრები.
„ჩვენ ვართ პოლიტპატიმრები და ამასთან ვართ სინდისის ტუსაღები, რადგან, რასაც გვაბრალებენ არ ჩაგვიდენია. ამაყი ვიქნებოდით, რომ მართლა ჩაგვედინა, რადგან ეს ტირანული რეჟიმი რევოლუციით წასვლას იმსახურებდა“, - აცხადებს დავითაია.
ზაზა დავითაია 315-ე მუხლით იყო მსჯავრდებული, რაც ხელისუფლოების წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობას გულისხმობს.