გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარედ "რესპუბლიკელების" წარდგენილი "ნაციონალი" დაინიშნა

გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარედ "რესპუბლიკელების" წარდგენილი "ნაციონალი" დაინიშნა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი ავთო ზარდიაშვილი დაინიშნა.


ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.


ავთო ზარდიაშვილი საკრებულოს წევრი  2010 წელს "ნაციონალური მოძრაობის" სიით გახდა. ის სურსათის უვნებლობის სააგენტოს გურჯაანის სამმართველოს უფროსია. წინასაარჩევნოდ აქტიურად იყო ჩაბმული "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიაში და "ქართული ოცნების" მხარდამჭერების დაშინების პროცესში.


ავთო ზარდიაშვილის დავალებით, 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში, ვეტერინარები უარს ამბობდნენ საქონლის და ძაღლების აცრაზე, რომელთა პატრონებიც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები არ იყვნენ და  "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილისადმი მხარდაჭერას ღიად გამოხატავდნენ.


ამასთან, ავთო ზარდიაშვილი ხელმძღვანელობდა გამგეობის თანამშრომელთან თემურ ბუწაშვილთან ერთად, 25 სექტემბერს, გურჯაანში, ბიძინა ივანიშვილისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობის პროცესს. მისი სამსახურებრივი მანქანით გადაჰყავდათ "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდა აქტივისტები და სკოლის მოსაწავლეები დიდების მემორიალთან. მაშინ, ივანიშვილს "ნაციონალები" დახვდნენ ტრანსფარანტებით "რუსული (ქართული) ოცნება", "უარი წარსულზე ოცნებას", "41–ე ქართული სირცხვილი", "პინგვინიზაცია". შეხვედრის მიმდინარეობისას "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები სცენიდან დაახლოებით, 40 მეტრის მოშორებით იდგნენ და ხმამაღლა ყვიროდნენ: "მოღალატე, წადი!", "საქართველო პინგვინების გარეშე!", "მიშა, მიშა!".


"გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე 2012 წლის 19 ნოემბერს გადადგა. შესაბამისად, იყო ვაკანსია საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. ფრაქცია "რესპუბლიკელებმა" წარმადგინეს, რასაც საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა", – განუცხადა ავთო ზარდიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: