ზვიად ძიძიგური: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში პროცესი დაიძრა
ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობას იმედი აქვს, ახალი ხელისუფლების პირობებში რუსეთთან ურთიერთობები მოგვარდება.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მოგვარების პროცესი დაიძრა, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ოკუპირებული რეგიონები და რუსული ჯარები საქართველოში, მოუგვარებელი რჩება.
„ზურაბ აბაშიძის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის იმედი მაქვს. რუსეთთან დიალოგის დაწყების რეალური საფუძველი არსებობს. რუსეთის ხელისუფლებას დიალოგის უარყოფის არანაირი მიზეზი აღარ აქვს. ურთიერთობები ცივილურ ფაზაში გადადის“, - განაცხადა ძიძიგურმა.
ამასთნ, ძიძიგურმა ახალ სახალხო დამცველზე უჩა ნანუაშვილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ღირსეული, კვალიფიციური და გამოცდილი პიროვნებაა.
„მინდა უჩა ნანუაშვილს მივულოცო. საქართველოს ძალიან ღირსეული სახალხო დამცველი ჰყავს“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობა არ შეიძლება ჩაითვალოს ნაკლად, რადგან ომბუდსმენს აუცილებლად უნდა ჰქონდეს კავშირი ოპოზიციასთან.