ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტპატიმართა სიიდან ეკა ბესელიას მითითებით ამოიღეს?!

ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტპატიმართა სიიდან ეკა ბესელიას მითითებით ამოიღეს?!

 „ქართული პარტიის“ პატიმარი წევები აცადებს, რომ პოლიტპატიმართა სიიდან ირაკლი ოქრუაშვილი ეკა ბესელიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ამოიღეს. ამასთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ:


"პარლამენტის აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე სრულიად ბუნდოვან და გაურკვეველ ვითარებაში კომიტეტის თავმჯდომარის, ქ-ნი ბესელიას ერთპიროვნული და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით, სიიდან ამოღებული იქნენ "ქართული პარტიის" თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი და ამავე პარტიის წევრები: ძმები ლევან და კახაბერ ტერაშვილები, შალვა საბაშვილი და დავით შიუკაშვილი. ეს უკანასკნელნი რეჟიმის მიერ დაპატიმრებულნი იქნენ 26 მაისის ცნობილი მოვლენების შემდეგ, შეთითხნილი ბრალდებებით, ე.წ. "ზილების" საქმეზე.


ამავე საქმეზე, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღემდე მიმდინარეობს "ქართული პარტიის" სხვა წევრების: იოსებ გიგუაშვილის, გიორგი გაბროშვილის, თამაზ ბეგიაშვილის, გაბრიელ პავლიაშვილის, ხვიჩა საბაშვილის, ზაზა ბეთლემიძის, მალხაზ კაკაშვილის და აგრეთვე ირაკლი ოქრუაშვილის გასამართლება, რომლებსაც ასევე სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო, საპარლამენტო კომიტეტის მიერ უარი ეთქვათ პოლიტიკურ პატიმართა სიაში შეყვანაზე, მაშინ, როდესაც აღნიშნულ საქმეს ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების შეფასებით, პოლიტიკური სარჩული უდევს.


რომ არა ირაკლი ოქრუაშვილის, ძმები ტერაშვილებისა და სხვების სიიდან ამოღების ფაქტი, ვიფიქრებდით, რომ "ქართული პარტიის" დანარჩენი წევრების სიაში არ შეყვანა, ბიუროკრატიული მიზეზებით იყო გამოწვეული. იმავდროულად, საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ე.წ. "ზილების" საქმეზე სახელმწიფოს წარმოადგენენ იგივე პროკურორები, ჯაბა გურგენიძე და ელიზბარ გოზალიშვილი, რომლებიც ზურაბ ადეიშვილის მიერ იყვნენ დანიშნულნი ბრალმდებლებად და ისინი ვიშინსკის სტილითა და მეთოდებით, კბილებით იცავენ ყალბ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ბრალდებას.


გვრჩება შთაბეჭდილება, რომ 1-ელ ოქტომბერს მომხდარი პოლიტიკური ცვლილებები ჩვენს გუნდს არ შეხებია და ახალი ხელისუფლებისთვისაც ისეთივე მიუღებლები ვართ, როგორც სააკაშვილის რეჟიმისთვის, რომელთან ბრძოლასაც შევწირეთ ჩვენი და ჩვენი ოჯახების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.


რომ არა პროკურატურის ამგვარი პოზიცია, ასევე ვიფიქრებდით, რომ სიის ფორმირებისას ქ-ნ. ბესელიას პირადი მოტივები ამოძრავებდა, რადგან მას ამის საფუძველი ნამდვილად გააჩნია. თუმცა, ორივე ერთად აშკარა მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია ჩვენს წინააღმდეგ.


ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ: ყველა ჩვენგანი და მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილი, ცნობილი იქნენ პოლიტიკურ პატიმრებად, წინააღმდეგ შემთხვევაში 17 დეკემბრიდან ვიწყებთ უვადო შიმშილობას!


იმედს ვიტოვებთ, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული, საპარლამენტო კომისიის უსამართლო გადაწყვეტილება და პროკურატურის პოზიცია, გაუგებრობაა, ინერციითაა განპირობებული და არ წარმოადგენს ახალი ხელისუფლების მიდგომებს.


მივმართავთ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, მის მიერ დეკლარირებული პრინციპებიდან გამომდინარე აღდგენილ იქნას სამართლიანობა და პირადად დაინტერესდეს ზემოაღნიშნული საკითხით", - ნათქვამია განცხადებაში.


განცხადებას ხელს აწერენ: იოსებ გიგუაშვილი ( მე -9-ე საპყრობილე);    გიორგი გაბროშვილი (მე-8-ე საპყრობილე); თამაზ ბეგიაშვილი (მე-8-ე საპყრობილე); გაბრიელ პავლიაშვილი (მე-8-ე საპყრობილე); ხვიჩა საბაშვილი (მე-8-ე საპყრობილე); ზაზა ბეთლემიძე (მე-8-ე საპყრობილე).

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: