ვის უფეშქაშეს ემზარ კვიციანის სახლი?

ვის უფეშქაშეს ემზარ კვიციანის სახლი?

ადვოკატი ლალი აფციაური ემზარ კვიციანისთვის ქონების უკანონოდ ჩამორთმევასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში მივიდა.  როგორც აფციაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პროკურატურაში მისვლის მიზეზი ემზარ კვიციანის მიმართ წარმოებული საქმეა.  მისი თქმით, კვიციანისთვის ქონების უკანონოდ ჩამორთმევასთან დაკავშირებით, პროკურატურაში განცხადება აქვს შეტანილი.


"პარალელურ რეჟიმში განცხადებაა ჩაბარებული საქმის მასალების გადახედვაზე. ემზარ კვიციანის საქმის მასალების შესწავლას ვიწყებთ. მან პოლიტპატიმართა კომისიას პოლიტიკური ნიშნის დადგენასთან დაკავშირებით მიმართა და ამ მიმართვის შესწავლასაც ვაპირებთ", _ განაცხადა ლალი აფციაურმა.


მისი თქმით, ემზარ კვიციანისთვის ქონების უკანონოდ ჩამორთმევის გამო ოჯახი ქუჩაში დარჩა. ადვოკატის განცხადებით, საუბარია თბილისში საცხოვრებელი სახლის ჩამორთმევაზე.


"როგორც ვიცი, ჩამორთმეული სახლი ეკონომიკის სამინისტრომ ჩაიბარა, თუმცა არსებობდა ინფორმაცია, რომ ქონება კონსტიუტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს გადაეცა", _ განაცხადა აფციაურმა და დასძინა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მასალების მოპოვების პროცესი მიმდინარეობს, რომლის გაცნობის შემდეგაც ყველაფერი დეტალურად გაირკვევა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: