დიმიტრი ქიტოშვილი: 5 წლის წინ ჩვენება მუქარით მიმაცემინეს

დიმიტრი ქიტოშვილი: 5 წლის წინ ჩვენება მუქარით მიმაცემინეს

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი "ჯეოსელის" წილების გადანაწილების საქმესთან დაკავშირებით ახალ დეტალებზე საუბრობს.


იგი აცხადებს, რომ 5 წლის წინ საკუთარი თავისა და ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ოჯახის წევრების განადგურების მუქარით მიაცემინეს.


ქიტოშვილის განცხადებით, მასზე ზეწოლას გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, კონსტიტუციური უსაფრთხოებისა და სასჯელაღსრულების უწყების სხვადასხვა დეპარტამენტების მაღალი თანამდებობის პირები ახორციელებდნენ. მისივე თქმით, ისინი უშუალოდ იმდროინდელი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის დავალებით მოქმედებდნენ.


5 წლის წინ ქიტოშვილი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებდა, რომ "ჯეოსელის" ერთ-ერთი მეწილე ჯემალ სვანიძისგან ირაკლი ოქრუაშვილი, მისი დახმარებით, კომპანიის 2,5 %-ის გადაფორმებას 250 ათასი დოლარის სანაცვლოდ, მუქარით მოითხოვდა. დღეს უკვე კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს წილი თავის დროზე აბსოლუტურად დამოუკიდებელმა ბიზნესმენმა გურამ გოგუამ შეიძინა.


აღსანიშნავია, რომ "ჯეოსელის" წილების საქმე ერთ-ერთი ბრალდებაა, რასთან დაკავშირებითაც ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ამ საქმეზე პროცესი დღეისთვის არის ჩანიშნული.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: