დოდო აფრასიძე პროკურატურამ მოწმის სახით დაკითხა
აფრასიძეების დედა დოდო აფრასიძე მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დაიკითხა.
როგორც დოდო აფრასიძემ პროკურატურასთან რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, 2004 წლის 24 მარტს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და გია ბარამიძე ნახა.
მისი თქმით, სპეცოპერაცია აღნიშნული პიროვნებების მეთაურობით ჩატარდა.
„ჩემი მთავარი მოთხოვნა საქმის ხელახალი გამოძიება და ბიჭების გათავისუფლებაა“ , - განაცხადა დოდო აფრასიძემ.
ოჯახის ერთ-ერთი ადვოკატის მალხაზ ჯანგირაშვილის თქმით, მისი, როგორც ადვოკატის მიზანი უკანონო პატიმრობაში მყოფი გოჩა და შმაგი აფრასიძეების, ასევე ვლადიმერ მურავიოვის რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლებაა.
„ამასთანავე, ჩვენი მიზანია, დანაშაულებრივი სპეცოპერაციის დამგეგმავები და შემსრულებლები მაქსიმალურად გამოვლინდნენ და დაისაჯონ“,- აღნიშნა ჯანგირაშვილმა.
დოდო აფრასიძე მთავარ პროკურატურაში დაახლოებით 6 საათის განმავლობაში იკითხებოდა. მასთან ერთად, პროკურატურაში გოჩა და შმაგი აფრასიძეების ადვოკატები მალხაზ ჯანგირაშვილი და ირმა ჭკადუა იმყოფებოდნენ.
სპეცოპერაცია, რომლის დროსაც ევგენი და ომეხ აფრასიძეები დაიღუპნენ, 2004 წლის 24 მარტს სვანეთში ჩატარდა. გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი, ამ დრომდე საპატიმროში იმყოფებიან. გოჩა აფრასიძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, შმაგი აფრასიძეს კი - 18 წლით. მათ სასამართლომ სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში დასდო ბრალი.