კირბალიდან მამაკაცი გაიტაცეს

კირბალიდან მამაკაცი გაიტაცეს

გორის რაიონის სოფელ კირბალიდან მამაკაცი გაიტაცეს. 63 წლის გივი ჩხიკვაძე სოფლის მიმდებარე ტერიტორიიდან გუშინ საღამოს სამხედრო ფორმიანებმა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.


გატაცებული მამაკაცის ნათესავები ვარაუდობენ, რომ გამტაცებლები რუსი ჯარისკაცები არიან, რადგან სოფელი კირბალი კონფლიქტის ზონასთან მდებარეობს.  


ჩხიკვაძის ახლობლების თქმით, მისი გატაცება მაშინ მოხდა, როცა ის საღამოს ფიჩხის შესაგროვებლად წავიდა. მათივე ინფორმაციით, გატაცებული ჯერ სოფელ ღრომში გადაიყვანეს, შემდეგ კი ცხინვალში.


ამ დრომდე ცხინვალს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.


ადგილობრივი მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ ჩხიკვაძის გატაცება შეიძლება დეფაქტო სამხრეთ ოსეტის საზღვრის გადაკვეთას უკავშირდებოდეს. თუმცა საყურადღებოა, რომ სოფელში არ არსებობს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშანი. 


ფაქტის შესახებ სამართალდამცავები კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ქართული მხარე უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ოსურ მხარესთან, მომხდარზე ინფორმირებულია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.


ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 3 თვის განმავლობაში სოფელ კირბალიდან ადამიანის გატაცების მე-4 შემთხვევაა. ომის შემდეგ კი, ამ სოფლიდან 30-ზე მეტი ადამიანია გატაცებული.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: