სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს სამსახურებრივი გულგრილობის საქმეზე აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გაუქმებაზე უარი უთხრა. 

 

როგორც მოსამართლემ განმარტა, საქმეში არ არის გამოვლენილი ახალი გარემოებები, ასევე დასაკითხი არიან მოწმეები და არსებობს საფრთხე, რომ მათზე ზეწოლა მოხდეს. აქედან გამომდინარე, ოქრუაშვილისთვის პატიმრობის გაუქმება მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

 

ამასთან, მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომ დაიკითხონ გიორგი ლოლუა და გიორგი ხოსრუაშვილი, რომლებიც 2005-2006 წლებში მუშაობდნენ თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკურ დეპარტამენტში. ადვოკატების გაცხადებით, სწორედ მათ ჰქონდათ უშუალო შეხება ვაზნების შესყიდვასთან.

ასევე, დაცვის მხარემ კიდევ ერთი შუამდგომლობა თავდაცვის სამინისტროდან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ დააყენა, რაზეც უარი მიიღო. 

 

ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ედება სამსახურებრივ გულგრილობაში. კერძოდ, ბრალდების თანახმად მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში შეძენილი იყო დიდი რაოდენობით უხარისხო ვაზნები. 

 

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, შემდეგი სასამართლო პროცესი 26 დეკემბერს გაიმართება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: