ზვიად კორძაძე: ირაკლი ოქრუაშვილს უხარისხო საბრძოლო მასალაზე ინფორმაცია ჰქონდა
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტები რამდენიმე გარემოებას დაადასტურებდა.
როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, გამოთხოვილი დოკუმენტები დაადასტურებდა, რომ საბრძოლო მასალა იმაზე ნაკლებ ფასშია შემოტანილი, ვიდრე თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მასალა მანამდე და მერე შემოჰქონდა.
კორძაძის განცხადებით, დოკუმენტებით ასევე, დადგინდებოდა, რომ ოქრუაშვილის მინისტრობის შემდეგ, სამინისტროს მიერ კონტრაქტი იგივე იურიდიულ პირთან გრძელდებოდა.
„ამ შემოტანილ უხარისხო საბრძოლო მასალაზე ირაკლი ოქრუაშვილს ინფორმაცია ჰქონდა. დოკუმენტები დაადასტურებდა, რომ აღნიშნულ საბრძოლო მასალაზე თანხა გადახდილი არ არის, იმის გამო, რომ ნაკლები ხარისხის იყო. დაცულია ყველა ის შესაძლო პროცედურა, რომელიც უნდა დაცულიყო, თუკი რაიმე უხარისხო შემოვიდოდა“, - განაცხადა კორძაძემ.
ირაკლი ოქრუაშვილის მეორე ადვოკატის მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი ოქრუაშვილს გაამართლებენ და იმ ბრალდებას მოუხსნიან, რომლითაც 11-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, სასამართლო დარბაზიდან მაინც ვერ გამოვა, რადგან აღნიშნულ საქმეზე პატიმრობა აქვს შეფარდებული.
მისი თქმით, სამსახურებრივი გულგრილობის მუხლთან დაკავშირებით, არც ერთ შემთხვევაში, არც ირაკლი ოქრუაშვილს და არც სხვას პატიმრობას არ შეუფარდებდნენ.
ჭაბაშვილის განცხადებით, 342-ე მუხლთან დაკავშირებით, ოქრუაშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიება საერთოდ არ უნდა შეეფარდებინათ.
ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი სამსახურებრივ გულგრილობაში ედება. კერძოდ, ბრალდების თანახმად, მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში შეძენილი იყო დიდი რაოდენობით უხარისხო ვაზნები.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, შემდეგი სასამართლო პროცესი 26 დეკემბერს გაიმართება.