დავით საყვარელიძე: ჯერ ბიძინა ივანიშვილი დაკითხონ და მერე დამიბარონ მე
გამოძიებამ საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით საყვარელიძის დაკითხვაზე გამოძახების შესახებ უწყება საქართველოს პარლამენტის კანცელარიას ჩააბარა.
როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი რიყის ტერიტორიის გასხვისებისა და გამოსყიდვასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეს იძიებს.
განცხადების თანახმად, რიყის ტერიტორია თბილისის მერიის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის გადაწყვეტილებით, პირობიანი ხელშეკრულებით 2006 წლის 2 მაისს გასხვისდა, თუმცა შემდეგ აღნიშნული ფართობი საბიუჯეტო თანხით ბევრად მეტ ფასად გამოისყიდეს.
„აღნიშნული გარემოება კითხვებს ბადებს ამ ოპერაციების კანონიერებასთან დაკავშირებით. ოპერაციიის განხორციელებისას, თბილისის მერიის მიწის მართვისა და განკაგვის კომისიის ერთ-ერთი წევრი, მერიის კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის იმდროინდელი უფროსი დავით საყვარელიძე იყო. გამოძიებას ამ ეტაპზე უკვე დაკითხული ჰყავს კომისიის რამდენიმე წევრი. დღის წესრიგში დავით საყვარელიძის მოწმის სახით დაკითხვაც დადგა, რაც ჭეშმარიტების დასადგენად მნიშვნელოვანია“,- აცხადებენ პროკურატურის წარმომადგენლები.
მათივე თქმით, დღეს დავით საყვარელიძისთვის უწყების ჩასაბარებლად, გამომძიებელი ნოდარ გოგლიძე და ინსპექტორ-გამომძიებელი გოჩა ჩხაიძე მის საცხოვრებელ მისამართზე გამოცხადდნენ, სადაც ქალბატონი დახვდათ და უწყების ჩაბარებაზე უარი განაცხადა.
განცხადების თანახმად, დღესვე, გამომძიებელი ნოდარ გოგლიძე დავით საყვარელიძეს ტელეფონით დაუკავშირდა და აცნობა, რომ საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში, შპს „ახალ რიყესთან“ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, მოწმის სტატუსით იყო მიწვეული.
„დავით საყვარელიძემ ნოდარ გოგლიძეს განუცხადა, რომ საქმის მწარმოებელი გამომძიებელი პროკურორთან ერთად პირადად დაკავშირებოდა და ამის შემდგომ გამოცხადდებოდა მასთან. დღეს 11:24 საათზე, ამავე სამმართველოს უფროსი გამომძიებლი დავით ჩუბინიძე დავით საყვარელიძეს კვლავ დაუკავშირდა მობილურ ტელეფონზე და ჰკითხა, რა მისმართზე მიეტანა უწყება პირადად მისთვის ჩასაბარებლად“,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის წარმომადგენლების თქმით, დავით ჩუბინიძემ საყვარელიძისგან მიიღო პასუხი, რომ გამოძიებისთვის საინტერესო თემასთან დაკავშირებით, პროცესში მთლიანად იყო ჩართული საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.
მათივე განცხადებით, საყვარელიძის პასუხი იყო - გამოძიებას ჯერ პრემიერ-მინისტრი დაეკითხა და შემდეგ გამოცხადდებოდა გამომძიებელთან. მანვე, უწყების დატოვება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, კახეთის გზატკეცილზე მოითხოვა.
პროკურატურის ინფორმაციით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამოძიებამ მიიღო გადაწყვეტილება და დავით საყვარელიძის გამოძახების შესახებ უწყება საქართველოს პარლამენტის კანცელარიას ჩააბარა. ასევე, პირადად მას, მობილურ ტელეფონზე გაეგზავნა ანალოგიური შინაარსის მოკლე ტექსური შეტყობინება, რაზედაც შედგა შესაბამისი ოქმი.