შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაზა ხატიაშვილს პასუხობს
2012 წლის 2 დეკემბერს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის I განყოფილების თანამშრომლებმა სამართალდამცველების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე ლაშა და გიორგი სოზაშვილები დააკავეს.
ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი სოზაშვილები თბილისში, კალაუბნისა და თრიალეთის ქუჩების კვეთაზე ავტომანქანაში იმყოფებოდნენ. ცნობილია, რომ ისინი ამ დროს ხმამაღლა საუბრობდნენ და იგინებოდნენ.
მათთან სიტუაციის გარკვევის მიზნით მივიდნენ ისანი-სამგორის პოლიციის I განყოფილების თანამშრომლები იოსებ სახლთხუციშვილი და იოსებ ბაიაძე და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს.
ავტომანქანიდან გადმოსული მოქალაქეები არ დაემორჩილნენ სამართლდამცველების კანონიერ მოთხოვნას და ძალადობრივი წინააღმდეგობა გაუწიეს მათ. ლაშა სოზაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა იოსებ სახლთხუციშვილს, მისი ძმა გიორგი სოზაშვილი კი პოლიციის თანამშრომლებს დანით დაემუქრა. ამის შემდეგ მოხდა გიორგი სოზაშვილის ჩხრეკა და მისგან ამოღებულ იქნა აღნიშნული ცივი იარაღი.
შემთხვევის ადგილიდან სოზაშვილები გადაყვანილ იქნენ პოლიციის განყოფილებაში.
საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებას: მათ შორისაა ბრალდებულების დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები, დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებები, პოლიციელის ქურთუკების დათვალერების ოქმები, ამოღებული დანა.
დაკავებულებს წარედგინათ ბრალი სსკ-ს 353 მუხლის II ნაწილით და აღკვეთის ღონისძებად თითოეულს შეეფარდათ გირაო 3000 ლარის ოდენობის.