დღეს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა

დღეს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა

მართლმადიდებლური სამყარო დღეს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა სრულდება.

წმიდა ანდრიას უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომაც ეწოდა პირველწოდებული. მაცხოვრის პირველი მოციქული, პეტრე მოციქულის ძმა, საქართველოში უფლის მცნებების საქადაგებლად უშუალოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დავალებით გამოემართა.

მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, საქადაგებლად ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ რადგან მისი მიცვალების ჟამი  იყო მოახლოებული, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა.

ანდრია მოციქული სრულიად უცხო მხარეში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატით შემობრძანდა. უფლის სახელით მოსული მოციქული მრავალ სასწაულს აღავლენდა. დიდაჭარაში დღემდეა შემორჩენილი წმინდა მაკურნებელი წყარო, რომელიც იმ ადგილას აღმოცენდა, სადაც ღვთიმშობლის ხატი იყო დაბრძანებული.

ანდრია პირველწოდებულს კერპთაყვანისმცემელი მოსახლეობა დიდ წინააღმდეგობას უწევდა, თუმცა მრავალ განსაცდელს გაუძლო და იესო ქრისტეს შემწეობით ბევრი მათგანი მოაქცია.

იერუსალიმის მოლოცვის შემდეგ ანდრია მოქციული სვიმონ კანანელსა და მატათასთან ერთად, საქართველოში დაბრუნდა და ქრისტიანობა ქართლსა და აფხაზეთში იქადაგა.

უკანასკნელი ქალაქი, სადაც მოციქულმა იქადაგა, საბერძნეთის ქალაქი პატრა იყო, სადაც წმიდანის ლოცვით უამრავი ადამიანი მოექცა, თუმცა ქალაქის თავის ეგაეტის ბრძანებით, წმინდა მოციქული ჯვარს აცვეს.

რამდენიმე საუკუნის შემდეგ კონსტანტინე დიდის ზეობისას წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები კონსტანტინეპოლში პატივით დაასვენეს და წმიდა მოციქულთა ტაძარში დააბრძანეს.


2002 წლის 15 აგვისტოს ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილები  საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა საჩუქრად.

ქართველთა პირველი განმანათლებელი წმინდანის ხსენების დღე 12 მაისსაც აღინიშნება.

დღესვე, სამოციქულო ეკლესია მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღესას აღნიშნავს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: