პატრიარქმა სვეტიცხოვლის ტაძარში საღმრთო ლიტურგია შეასრულა
წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ქართველი მეფის, ვახტანგ გორგასლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში პატრიარქმა საღმრთო ლიტურგია შეასრულა.
უწმინდესმა სვეტიცხოვლის ტაძარში მობრძანებისას უფლის კვართის ადგილი და წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის საფლავი მოილოცა. ტაძარში ასევე დაბრძნაბულია წმინდა ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილი.
წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე მას დედაღვთისამ მოუწოდა და ამცნო, რომ წმ. ანდრიას მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.
წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი.
წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება.
წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი კი მე-6 საუკუნეში მეფობდა. მისი მეფობის დროს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა.