„კოჰაბიტაცია“, „ინკლუზიური დემოკრატია“ და „ნაციონალური“ ტახიკარდია!

„კოჰაბიტაცია“, „ინკლუზიური დემოკრატია“ და „ნაციონალური“ ტახიკარდია!

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს ბატონ ტომას მელიას  ძალიან მოსწონს, რომ საქართველოში „კოჰაბიტაცია“ და „ინკლუზიური დემოკრატია“ მკვიდრდება!


კიდევ ორი უცხოური ტერმინი შემოიჭრა ქართულ რეალობაში და არავინ იცის, რამდენ ხანს მოგვიწევს ამ სიტყვების წაღმა-უკუღმა ტრიალი.


ვიდრე მთავარ სათქმელზე გადავიდოდეთ, უნდა გავარკვიოთ, თუ რას ნიშნავს სიტყვა „კოჰაბიტაცია“. როგორც ირკვევა, იგი ინგლისურენოვანი სიტყვაა და ქართულად „თანაცხოვრებას“  გულისხმობს. მართალია, ჩვეულებრივ ობივატელს  არათუ მისი შინაარსის აღქმა, არამედ წარმოთქმაც კი გაუჭირდება, მაგრამ იგი საინტერესოა იმით, რომ უცხოელების შემოთავაზებულია და „ნაციონალების“ გადარჩენის უებარ საშუალებად შეიძლება იქცეს!


თუმცა თავი დავანებოთ უცხოურ აბრევიატურას და გავიგოთ, რას გვავალდებულებს იგი ჩვენ - საქართველოს მოსახლეობას და უპირველესად, საქართველოს ახალ ხელისუფლებას?!


თანაცხოვრება“ საკმაოდ ტევადი სიტყვაა და იგი ერთად ყოფნას, ჰარმონიულ, „მშვიდობიან“ ურთიერთობას გულისხმობს. ამ თვალსაზრისით შეიძლება მას სექსუალური დატვირთვაც მივანიჭოთ - თუმცა, მავანნი ამბობენ, რომ „კოჰაბიტაცია“ ნიშნავს ცხოვრებას სექსის გარეშე, თუმცა ამჯერად ეს არ არის მთავარი...


ახლა ის გავარკვიოთ, რისთვის დასჭირდათ ჩვენს უცხოელ მეგობრებს ამ სიტყვის შემოგდება და რა სასჯელი გველის, თუ „კოჰაბიტაციას“ პრაქტიკაში არ დავამკვიდრებთ!
როგორც ვიცით, მთელი მსოფლიო შესძრა „ნაციონალების“ გულისამაჩუყებელმა გოდებამ იმის თაობაზე, რომ ისინი ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ სასტიკად იჩაგრებიან, რომ ახალმა მთავრობამ დაიწყო ნადირობა „ნაცების“ მაღალჩინოსნებზეც და რომ ყველაფერ ამას პოლიტიკური დევნის სარჩული უდევს საფუძვლად.


შეუძლებელია, ამ განცხადებას (საჩივარს) სათანადო რეაგირება არ მოჰყოლოდა მათი ძველი პატრონებისგან და ატყდა და რა ატყდა -  თითის დაქნევას ვინ ჩივის, უკვე დემოკრატიის საფრთხეზეც ალაპარაკდნენ და მოსალოდნელი შედეგებიც „გაგვიიასნეს“.


ზოგი იმასაც ამბობს, რომ „ნაციონალებმა“ ოკეანისგაღმელი მეგობრები  თავის დროზე კარგად „გამაზეს“ და ახლა ხურდის დაბრუნებას ითხოვენ! რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებას აქვს არსებობის საფუძველი, მაგრამ უფრო სარწმუნოა, რომ ისინი, ანუ „ნაციონალების“ პატრონები, „დემოკრატიის შუქურად“ აღიარებული ხელისუფლებისთვის პირის მოწმენდას ცდილობენ.


თუ ადრე ხალხისგან ითხოვდნენ პირში წყალი ჩაეგუბებინა და მათი გმინვა მათ დახშულ  ყურებამდე ვერ „აღწევდა“, დღეს არჩევნებით მოსულ ხელისუფლებას უკიჟინებენ - წარსულის ქექვა შენი საქმე არ არის, დაამკვიდრე „კოჰაბიტაცია“ ქვეყანაში, ანუ მშვიდობიანად იცხოვრე მკვლელებთან და სახელმწიფო დამნაშავეებთან ერთად, ხალხის კანონიერ მოთხოვნას კი ყურს ნუ უგდებ - იგი მიჩვეულია, წლების მანძილზე ყველაფერს იტანდა და მომავალშიც ყველაფერს აიტანსო! აი დაახლოებით ასე იშიფრება მათ მიერ „გამოწერილი“ კოჰაბიტაცია.


რა ქნას ახალმა მთავრობამ - ოკეანისგაღმელი ბოსები მოიმდუროს და ამით საფრთხე შეუქმნას თავის ყოფნას ხელისუფლებაში, თუ ხალხის დაკვეთა შეასრულოს?! საკმაოდ რთული არჩევანია, ღმერთმანი...


მოდით ახლა პარტიული ინტერესები გვერდზე გადავდოთ და „თანაცხოვრება“ ოჯახის დონეზე განვიხილოთ: როცა ადამიანები ერთმანეთს ვერ უგებენ, ოჯახი ინგრევა, ანუ შორდებიან, რაც ბუნებრივი პროცესია. ამ შემთხვევაში იტყვიან ხოლმე, უფალი აერთებს, ეშმაკი კი აშორებსო. თუმცა, როცა ამერიკელების მიერ ნაკარნახევ „კოჰაბიტაციაზეა“ ლაპარაკი, რაც უფალს არ სურს, ეშმაკს მისი გაერთიანება მოუნდომებია. წარმოიდგინეთ ადამიანურ დონეზე - როგორია სიამტკბილობით თანაიცხოვრო იმ ადამიანებთან, ვინც შენს არსებობასაც კი ეჭვქვეშ აყენებდა. არადა, გვავალდებულებენ ასე მოვიქცეთ!


დემოკრატია კი გვესმის, მაგრამ „ინკლუზიური დემოკრატია“ რას გულისხმობდა, მხოლოდ ამ დღეებში გავიგეთ - სიტყვასიტყვით რომ გადმოვცეთ, ეს თურმე რელიგიური და სექსუალური უმცირესობების მოსაზრებების გათვალისწინებას გულისხმობს. კეთილი და პატიოსანი. რელიგიურ შემწყნარებლობას საქართველოს ვერავინ ასწავლის - ეს მისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის ისტორიამაც დაადასტურა, მაგრამ რა შუაშია მოგონილი სექტები და სექტანტები უშუალოდ რელიგიასთან, ვერ გავიგე. თუ ხელოვნურ გამოწვევებს არ მივიღებთ მხედველობაში, რელიგიურ ნიადაგზე ქართველებს დაპირისპირება არცერთ აღმსარებლობასთან არ გვქონია. რაც შეეხება სექტას, რომელსაც უცხოელი მეგობრები რელიგიად ასაღებენ, რატომ უნდა გავითვალისწინოთ „მათი მოსაზრებები“,  ესეც ვერ გავიგე.


ისე ზრდილობის გულისთვის უნდა დავადგინოთ, რას გვთავაზობენ ეს რელიგიური უმცირესობები და რამდენად მისაღებია იგი ჩვენთვის, ჭეშმარიტი მართლმადიდებლებისთვის?!


 რაც შეეხება სექსუალურ უმცირესობებს, მათი „მოსაზრებების გათვალისწინება“ ნამდვილად გაგვიჭირდება - ძნელია, დამშვიდებით უყურო მამათმავლებისა და ლესბოსელების გეიაღლუმს და მერე ჭეშმარიტ მართლმადიდებლად  მოიაზრო საკუთარი თავი. მით უმეტეს, ამ უმცირესობების „პარადს“ სტიმული მისცე მართლმადიდებლურ ქვეყანაში. ასე რომ, ამაზეც ვერ მოვილაპარაკებთ!


როცა ამ სტატიაზე ვმუშაობდი, შემთხვევით წავიკითხე საქართველოს იუსტიციის მინისტრის  ქალბატონ თეა წულუკიანის განცხადება, სადაც ის ღიად აფიქსირებს, რომ „ბოკერია ითხოვდა შეწყვეტილიყო სისხლის სამართლის დევნები იმის სანაცვლოდ, რომ ოპოზიცია მოქცეულიყო წესიერად და კოსტრუქციულად“.


ღმერთო მომკალი, წესიერად და კონსტრუქციულად ოპოზიცია ისედაც უნდა იქცეოდეს და ამას ულტიმატუმი არ სჭირდება! ბოკერიას სიტყვები კი იმას ნიშნავს, რომ თუ გინდა კარგად მოგექცე, ანუ, „არ აგირიო“, თავი დაანებე ჩემი წარსულის ქექვას, მოეშვი დაჭერებს და სამართლიანობას მონატრებულ ხალხს კი აუხსენი, რომ ასეა საჭირო!


ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ „ნაცმოძრაობას“ ზედმეტი შიშისგან ტახიკარდია განუვითარდა და „მკურნალის“ ძიებაში ისევ თავიანთ პატრონებს მიაშურეს. არა მგონია, მათ მიერ გამოწერილი „წამალი“ უებარი საშუალება ღმოჩნდეს „ნაციონალების“ გამოსაჯანმრთელებლად.


იქნებ სჯობდეს, მათ „პოლიტიკურ პანაშვიდზე“ ვიფიქროთ. ამას საზოგადოების ერთსულოვნება და ახალი მთავრობის პოლიტიკური ნება სჭირდება!

ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: