ლაშა მაქაცარია: რიყის საკითხი პოლიტიკური ზეწოლის კლასიკური მაგალითია

ლაშა მაქაცარია: რიყის საკითხი პოლიტიკური ზეწოლის კლასიკური მაგალითია

იმერეთის ყოფილი გუბენატორი ლაშა მაქაცარია რიყის ტერიტორიასთან დაკავშირებულ გამოძიებას პოლიტიკური ზეწოლის კლასიკურ მაგალითად აფასებს.


როგორც მან დღეს „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ის დაკითხვის დეტალებს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ გაახმაურებს. მისი თქმით, კონკრეტული დეტალები საზოგადობისთვის საინტერესო არ არის.


„ეს თემა პოლიტიკური ზეწოლის კლასიკური მაგალითია. მათ ისეთი აბსურდული კითხვები გააჩნიათ, რომელზეც პასუხი არ შეიძლება ნორმალურ ადამიანს არ ჰქონდეს, თუმცა ყველა კითხვას პასუხი გაეცა“, - განაცხადა მაქაცარიამ.


მისი ვარაუდით, ეს არის რკალი, რომელიც მერიის ხელმძღვანელობის აღნიშნული თემით შეშინებისთვის იკვრება. მაქაცარიას განცხადებით, მიწის კომისიის წევრების გარდა, სავარაუდოდ, სხვა პირებიც დაიკითხებიან.


 “ეს დღევანდელი ხელისუფლების მიერ წამოწყებული კამპანიაა, რომელიც მიზნად ყველა იმ უწყების ჩამოშლას ისახავს, რომლებიც მათი პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ იმყოფება. ეს ძალიან სუსტი საქმეა, რადგან არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს“, - აღნიშნა ლაშა მაქაცარიამ.


მისივე თქმით, ფინანსთა მინისტრის უწყება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აღნიშნული პროცესი საზოგადოებისთვის ახსნას ისე, თითქოს აქ რაიმე სახის დარღვევებს აქვს ადგილი.


„საქმის მასალებიდან გამომდინარე, არ არსბობს რაიმე კითხვები, თუმცა ამას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან ბოლო დროს ქვეყანაში პოლიტიკური დაკავებები მიმდინარეობს“, - აღნიშნა მაქაცარიამ და დასძინა, რომ აღნიშნული თემის გარშემო დაკითხვები პოლიტიკურ მიზანს ემსახურება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: