გახდება თუ არა რიყე გიგი უგულავას სამართლებრივი დევნის საფუძველი?
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ლაშა მაქაცარია მიიჩნევს, რომ რიყესთან დაკავშირებული კამპანია თბილისის მერის გიგი უგულავას პოლიტიკური ზეწოლის კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ.
როგორც მან „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, უგულავასთან დაკავშირებით არსებობს თუ არა რაიმე კითხვის ნიშნები, ეს ხელისუფლებას არც დაუმალავს. მისი თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობაზე ზეწოლას ადგილი აქვს არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც.
„მიმდინარეობს ტოტალური ზეწოლა, დაკითხვები, დაკავებები. ეს ის სტრუქტურებია, სადაც ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი თავის გავლენას ვერ ახორციელებს“, - განაცხადა ლაშა მაქაცარიამ.
მისი თქმით, თბილისში მიმდინარე მოვლენები მერიის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას უკავშირდება. მაქაცარიას განცხადებით, ეს მხოლოდ ერთ კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ: „ეს არის ტოტალური ზეწოლა თვითმმართველობებზე. იმის გარდა, რომ ამას აქვს დაშინების მცდელობა, ასევე ცდილობენ, რომელიმე თვითმმართველობის რომელიმე თანამშრომლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდეს“, - აღნიშნა მაქაცარიამ.
მისივე თქმით, სწორედ ეს კამპანია გიგი უგულავას და მისი უწყების პოლიტიკური ზეწოლის კონტექსტს წარმოადგენს. მაქაცარიას განცხადებით, რიყესთან დაკავშირებული გამოძიება იმაზე მიუთითებს, რომ მერიის მაღალჩინოსნები და მათ შორის, გიგი უგულავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდეს.