ლაშა მაქაცარია: პოლიტიკური ზეწოლის მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ უფრო გაძლიერდება

ლაშა მაქაცარია: პოლიტიკური ზეწოლის მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ უფრო გაძლიერდება

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ლაშა მაქაცარია ზესტაფონის გამგებლისა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის კახა გეწაძის დაკავების ფაქტს პოლიტიკურ ზეწოლას უწოდებს.

როგორც მან „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ის აღნიშნულ ფაქტს გმობს და პოლიტიკური ნიშნით დაკავებად აფასებს.

მისი თქმით, გეწაძის დაკავება ძალიან სასაცილო მოტივით - 2 წლის წინ მომხრადი გაუგებრობის გამო მოხდა.

„ეს იყო პატარა კონფლიქტი, რომელიც  მოტივი არ შეიძლება იყოს. მისი დაკავების ერთადერთი მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლაა. მან როგორც იცით, ცოტა ხნის წინ დაიკავა გამგებლის თანამდებობა და საკრებულომ მხარი დაუჭირა. შესაბამისად, იცით რომ მის მიმართ ზეწოლა ამასთან დაკავშირებით ხორციელდებოდა“, - განაცხადა მაქაცარიამ.

მისი თქმით, გეწაძესა და მას შორის არანაირი გაუგებრობა არ არსებობს და ისინი ერთი პოლიტიკური გუნდის წევრები არიან.

მაცაქარიას განცხადებით, რა მოხდა გეწაძესთან დაკავშირებით ორი წლის წინ საზოგადოებისთვის საინტერესეო საერთოდ არ არის.

„ასეთი სახის დაკავებებით ისინი შედეგს ვერ მიაღწევენ. რამდენი კაცი უნდა დაიჭირონ ბოლოს და  ბოლოს? კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება „ნაციონალური მოძრაობა“, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება საპარლამენტო უმცირესობა და ეს გუნდი საბოლოო ჯამში სიმართლეს დაამტკიცებს საზოგადოების წინაშე“, - აღნიშნა მაქაცარიამ.

სამართალდამცველებმა კახა გეწაძე 29 ნოემბერს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, გეწაძე ერთი წლის წინათ მომხდარი ჩხუბის ფაქტზე დააკავეს. მის წინააღმდეგ იმერეთის საოლქო პროკურატურაში საქმე სამი მუხლით იყო აღძრული, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კახა გეწაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით, გირაო - 20 000 ლარი შეუფარდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: