თიანეთში პრობაციონერი დასაქმდა
მცხეთა–მთიანეთის პრობაციის ბიუროს შუამდგომლობით, პირობით მსჯავრდებული საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თიანეთის სერვის ცენტრში დასაქმდა.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, თეიმურაზ ბ-ს სასამართლომ 3 წლიან პირობით მსჯავრთან ერთად, დამატებით სასჯელად 150 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაც განუსაზღვრა და მის აღსრულებაზე კონტროლი მცხეთა–მთიანეთის პრობაციის ბიუროს დაავალა.
სამინისტროს თანამშრომლების წარმომადგენლების თქმით, მსჯავრდებულმა თიანეთის რაიონის კეთილმოწყობის სამსახურში განაჩენით განსაზღვრული პერიოდი უსასყიდლოდ, პირნათლად შეასრულა.
მისი დახასიათების გათვალისწინებით, პრობაციის ბიუროს ხელმძღვნელობამ ადგილობრივ საწარმოებს თეიმურაზ ბ-სთვის შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ რეკომენდაციით მიმართა, რაც დადებითად გადაწყდა.
პრობაციონერი სერვისცენტრის ტექნიკურ განყოფილებაში იმუშავებს და სტაბილურ ხელფასს მიიღებს.