მაია ფანჯიკიძე ჟენევის მოალაპარკებებს დადებითად აფასებს

მაია ფანჯიკიძე ჟენევის მოალაპარკებებს დადებითად აფასებს

"ჩვენ გვქონდა ძალიან კონკრეტული წინადადებები და პრაგმატული მიდგომა ამ შეხვედრისადმი. ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელშიც ახალი მთავრობა მონაწილეობდა”, -განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟენევის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი შეფასებისას.


მისი თქმით, რუსეთის, სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლების მხრიდან მოლაპარაკების დატოვების მიზეზებზე ვერაფერს იტყვის, თუმცა, ფანჯიკიძის განმარტებით, ჟენევის ამ რაუნდმა ნორმალურად ჩაიარა.


„გვქონდა იმედი, რომ ამ პრაგმატული მიდგომით გამოვიწვევდით უფრო კარგ ვითარებას და შევქმნიდით პირობებს იმისთვის, რომ ეს შეხვედრა წარმატებული ყოფილიყო. იყო ჰუმანიტარული პრობლემის გადაჭრის გზებზე საუბარი, მაგალითად, გაზის მიწოდებაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ მეორე ნაწილი ამ შეხვედრის არ შედგა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემდეგში ეს შეხვედრა არ განახლდება და არ შედგება. ჟენევის ამ რაუნდმა ნორმალურად ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით ამ ერთ ნაწილს. შეთანხმებულია შემდეგი შეხვედრა მარტში", - განმარტა ფანჯიკიძემ.


ფანჯიკიძე ასევე შეეხო ხვალ გრიგორი კარასინის და ზურაბ აბაშიძის შეხვედრას.


"ზურაბ აბაშიძის დიალოგი გრიგორი კარასინთან არ არის დაკავშირებული ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში და ამიტომ მათი აღრევა არ უნდა მოვახდინოთ", - ამბობს ფანჯიკიძე.


ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ კომენტარი გააკეთა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოლაი მლადენოვმაც.


"დარწმუნებული უნდა ვიყოთ იმაში, რომ ყველა ჩართული იქნება იქ თუ მივიღებთ მხედველობაში კონსტრუქციულ დისკუსიებს. კომენტარს ვერ გავაკეთებ რატომ მოხდა ის, რომ მეორე ნაწილი არ ჩატარდა, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჟენევის კონტექსტში თემები, რომლებიც იქნება განხილვის საგანი გადაწყდეს; შეიძლება ნელა, მაგრამ ნამდვილად და დარწმუნებული უნდა ვიყოთ ამაში. საჭიროა ნორმალიზაცია სიტუაციის და ურთიერთობის, რადგან ეს შედის იმ ადამიანების ინტერესებში ვინც საქართველოში ცხოვრობს და, რა თქმა უნდა, რუსეთის მოსახლეობის ინტერესებშიც", - აღნიშნა მლადენოვმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: