სამინისტრო დევნილებს შენობებში შეჭრისგან თავშეკავებას ურჩევს
ოკუპურებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დევნილებს სხვადასხვა შენობებში უკანონოდ შეჭრისგან თავშეკავებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რადიკალურად განწყობილი და გარკვეული ძალების მხრიდან მართული ჯგუფების მიერ თვითნებურად 53 ობიექტი, ბოლო შემოწმების შედეგად კი, 45 ობიექტია დაკავებული.
განცხადების თანახმად, ის, რომ სხვის საკუთრებაში შეჭრა კანონდარღვევაა, ამას საერთაშორისო, არასამთავრობო და პარტნიორი ორგანიზაციებიც იზიარებენ.
„ერთ-ერთი ასეთი ობიექტია ყოფილი პოლიკლინიკის შენობა (ბაქოს ქუჩა N 1). აღნიშნულ შენობაში ნგრევადი „ბამბის ნართი-ს“ შენობაში მცხოვრებ დევნილთა გადასაყვანად, სამინისტრომ სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა, თუმცა სარემონტო სამუშაოს დასრულებამდე იქ ერთი რადიკალურად განწყობილი ჯგუფი შეიჭრა“, - აღნიშნავენ სამინისტროს წარმომადგენლები.
სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, ნგრევად ობიექტში მცხოვრები დევნილები დღემდე რისკის ქვეშ რჩებიან და აღნიშნულ მისამართზე გადაყვანა ვერ ხერხდება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამავდროულად, კონფლიქტია დევნილთა 2 ჯგუფს შორის - ერთი, რომლებმაც უკანონოდ დაიკავეს ავარიულ შენობაში მცხოვრები დევნილებისთვის რეაბილიტირებული ფართი (ბაქოს ქუჩა N1) და ამავე დროს, ეს არის კონფლიქტი შეჭრილებსა და თბილისის მერიას შორის, რომლის საკუთრებას წარმოადგენს აღნიშნული შენობა.
„სახელმწიფო და კერძო საკუთრების სხვადასხვა ობიექტების თვითნებური დაკავება 3 ოქტომბრიდან დაიწყო. მაქსიმალურად ვეცდებით, კონფლიქტის მონაწილე ჯგუფების კანონიერი ინტერესები დავაკმაყოფილოთ. მიმდინარეობს მუშაობა დევნილი საზოგადოების 18 წლის გამნმავლობაში დაგროვილი პრობლემების ეფექტურად გადაჭრის მექანიზმებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმე გვაქვს ისეთ შემთხვევებთან, როდესაც ყველა კმაყოფილი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება.
მათივე თქმით, დევნილთა ორივე ჯგუფის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებები აქვს - ორივე ჯგუფს გააჩნია ფართით დაკმაყოფილების გადაუდებელი საჭიროება.
„სამინისტროს პოზიციაა, ვიყოთ სამართლიანობის პრინციპების მხარეს. აქედან გამომდინარე, ბაქოს ქუჩა N1-ში უნდა განთავსდნენ ნგრევადი „ბამბის ნართის“ დევნილები, ხოლო „არაშენდას“ 12 ოჯახთან, რომლებმაც ბაქოს ქუჩის ობიექტი თვითნებურად დაიკავეს, სამინისტრო მათი პრობლემების მოსაგვარებლად, მოლაპარაკებებს გააგრძელებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, სამინისტრო დევნილ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან თავი შეიკავონ.