ია ანთაძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორობა ჯერ არ გადაუწყვეტია?!

ია ანთაძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორობა ჯერ არ გადაუწყვეტია?!

გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით უკვე მიმართა სამეურვეო საბჭოს.


ახალი დირექტორის არჩევამდე, დირექტორის მოვალეობას გიორგი ბარათაშვილი შეასრულებს. რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე და რა პრინციპით მოხდება ახალი დირექტორის შერჩევა?  - ამ თემასთან დაკავშირებით ,,ივერიონი“ მედიაექსპერტ ია ანთაძეს ესაუბრა.


ია ანთაძე აცხადებს: „თუ ჭანტურიას გადადგომის შესახებ ინფრომაცია დადასტურდება, ჩვენ მაინც არ ვიცით, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. იმედია, ამაზე  თვითონ გააკეთებს კომენტარს“.


- როგორ მოხდება ახალი კანდიდატის შერჩევა?


- რაც შეეხება პროცედურას, სამეურველო საბჭო გამოაცხადებს კონკურს ვაკანსიაზე, სადაც მსურველები  განაცხადს შიტანენ. შემდეგ მოხდება მათი განცხადებების განხილვა,  გაიცხრილება მსურველების სია, შედგება ე.წ.  short list, სადაც რამდენიმე კანდიდატურა დარჩება. ჩატარდება გასაუბრება და კენჭისყრის შედეგად სამეურვეო საბჭო გამოავლენს იმ ადამიანს, რომელიც იქნება კონკურსში გამარჯვებული. სწორედ ის გახდება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი.


- სამეურვეო საბჭო ისევ იგივე რჩება?


- საბჭო, ჯერჯერობით, უცვლელი რჩება. ახლა იქ ერთი ვაკანტური ადგილია მხოლოდ. ამ ეტაპზე  ისევ ძველი საბჭო ფუნქციონირებს. სწორედ ის აირჩევს დირექტორს, თუ მანამდე გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდება, რაც კანონშიც არ წერია. გარკვეული პერიოდის შემდგ,  საბჭოს წევრები როტაციის წესით იცვლებიან. გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს საბჭოს წევრების ერთბაშად შეცვლა? არ ვიცი, შესაძლებელია თუ არა  საბჭოს უნდობლობა გამოუცხადოს პარლამენტმა იმასთან დაკავშირებით, რომ  საბჭო არ აკონტროლებდა ბიუჯეტის ხარჯვას, თუ, რა თქმა უნდა,  ამდაგვარი დასკვნები ფინასნური შემოწმების შემდეგ არსებობს. მსგავსი პროცედურა არასდროს გაგვივლია. კანონშიც არსად წერია  მკაფიოდ,  თუ როგორ შეიძლება მოხდს  საბჭოს ყველა წევრის ცვლილება. კანონის შესაბამისად, ახალი გენერელური დირექტორი მოქმედმა საბჭომ უნდა აირჩიოს. ის ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ მიიღონ კონკურსში მონაწილეობა, წარადგენენ განაცხადს და საკუთარ ხედვას. ეს ოფიციალური ინფორმაციაა, ვინც წარადგენს, ის იქნება კანდიდატი. მანამდე ეს საუბრები აბსოლუტურად უსაფუძვლოა.


- საუბარია იმაზე, რომ ერთ-ერთი კანდიდატი შეიძლება, თქვენც იყოთ. აპირებთ თქვენი  კანიდატურის შეთავაზებას?


- მე მაქვს ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეც. სისუსტეში ვგულისხმობ იმას, რომ ტელევიზიაში არ მიმუშავია და არ ვიცი მისი ტექნიკური მხარე. ამის გათვალისწინებით, განაცხადის შეტანას არ ვაპირებ. ჩემი სუსტი მხარე ამ გადაწყვეტილების მიღბისას ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუმცა დავაკვირდები პროცესებს და საბოლოოდ, ყველა ერთად  ვნახავთ, ვინ შეიტანს განაცხადს და ვინ არა. ამ ეტაპზე არ ვფიქრობ, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ წარიმართება მოვლენები. მე  საზოგადოებრივ მაუწყებელს დიდ პატივს ვცემ და ბედნიერება იქნებოდა ჩემთვის, თუ შემეძლება, რომ  ეს სამსახური გავუწიო მას. ვფიქრობ,  ეს საჭირო არ იქნება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: