მოსახლეობა თავდაცვის სამინისტროსგან კომპენსაციას ითხოვს
სენაკის სამხედრო ბაზის მშენებლობისთვის მოსახლეობისთვის წართმეული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ, მეპატრონეები თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისგან სამართლიანობის აღდგენასა და კომპენსაციას ითხოვენ.
ინფორმაციას სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენი“ ავრცელებს.
მოსახლეობა აცხადებს, რომ წლებია ცდილობენ სამართლიანობის აღდგენას, თუმცა თავდაცვის სამინისტროს არა ერთი ყოფილი ხელმძღვანელი მათ კანონიერ მოთხოვნას დღემდე უგულვებელყოფდა.
აქციის მონაწილეების თქმით, არ დარჩენილა სახელმწიფო უწყება, რომელსაც არ მიმართეს დაზარალებულებმა, მაგრამ ეს პრობლემა კვლავაც გადაუჭერელი დარჩა.
"რა გასაკვირია სახელმწიფო უწყებების ასეთი დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც თავდაცვის სამინისტრომ ამ საკითხთან დაკავშირებით თვით სახალხო დამცველს არ გასცა პასუხი. თუ 2008 წლის ივლისში გვეკუთნოდა კომპენსაცია, მერე რატომ არ გვეკუთვნის? თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყების წარმომადგენლები პირად საუბრებში აცხადებდნენ, რომ მართალია მიწის მესაკუთრეები თქვენ ხართ, მაგრამ რეალობა ისეთია, რომ კომპენსაციას ვერ მიიღებთო", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
დაზარალებულები ჯერ თავდაცვის სამინისტროს მიმართავენ და თუ კვლავ ვერ მოხერხდა სამართლიანობის აღდგენა, მაშინ შეეცდებიან, სხვა კანონიერი გზებით მიაღწიონ სამართალს.