აჭარის ტელევიზიას დროებით 2 600 000 ლარიან ბიჯეტს დაუმტკიცებენ
აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტს შესაძლოა დროებითი ბიუჯეტი 2 600 000 ლარის ოდენობით დაუმტკიცდეს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ტელევიზიის 6-თვიან ბიუჯეტს დასამტკიცებლად უმაღლეს საბჭოს წარუდგენს.
"ჩვენი პოზიციაა, რომ მაქსიმალურად კანონიერების ფარგლებში განისაზღვროს ტელევიზიის სტატუსი. ამ ეტაპზე, რამდენიმე თვის დროებითი ბიუჯეტი შესაძლოა შედგეს. შემოვიღეთ ექვსთვიანი დროებითი ბიუჯეტი. შესაძლოა, თებერვალში ან მარტში ტელევიზიის ახალი ხელმძღვანელის დამტკიცების შემდეგ, ბიუჯეტის საკითხი შეიცვლოს და დაკორექტირდეს", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.
მისივე განმარტებით, უნდა გადაწყდეს შტატგარეშე თანამშრომლების საკითხიც, რაც ტელევიზიაში რესტრუქტურიზაციის დაწყების შემდეგ მოხდება. "წლების განმავლობაში 45 თანამშრომელია შტატში და 200 თანამშრომელია შტატგარეშე, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.
როგორც აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ქავთარაძემ განმარტა, სხვა ეკონომიების ხარჯზე, თანამშრომლების წახალისებისთვის 145 000 ლარი გამოიყო. მისივე განმარტებით, ტელევიზიის 2012 წლის ბიუჯეტი 6 700 000 ლარი იყო.
აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის დროებით ექვსთვიან ბიუჯეტს აჭარის მთავრობა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს დასამტკიცებლად.